15 აგვისტოდან, ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა სრულად სახელმწიფოს მართვაში გადადის - უქმდება ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები და სერვისს, ყველა ბენეფიციარს, სახელმწიფო მიაწვდის.
საკითხზე ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დღეს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო მიმწოდებლების ბენეფიციარებიდან დიდმა ნაწილმა მიმართა სახელმწიფოს სერვისს და ხვალიდან შესაბამისი მომსახურების მიღებას 1 512 პირი შეძლებს.
მისივე ინფორმაციით, სხვადასხვა მიზეზით, 100-მდე ადამიანს ვერ დაერთო ნება მომსახურების გაგრძელებაზე.
ამასთან, მინისტრის განცხადებით, თუკი ვინმეს ჰქონდა სახელმწიფოსთვის მომართვის ობიექტური დამაბრკოლებელი გარემოებები, 22 აგვისტოს ჩათვლით მიმართვის შემთხვევაში გამარტივებული პროცედურების გავლის შედეგად ჩაირიცხებიან პროგრამაში.
"ხვალიდან 15 აგვისტოდან ე.წ. ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელებაზე მთლიანად იღებს პასუხისმგებლობას სახელმწიფო, ხოლო ჩანაცვლებითი თერაპიის ამ დრომდე მოქმედი კერძო ცენტრები წყვეტენ ფუნქციონირებას. უპირველეს ყოვლისა საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო მიმწოდებლების ბენეფიციარებიდან საკმაოდ დიდმა ნაწილმა, უმრავლესობამ მომართა სახელმწიფოს სერვისს და პრაქტიკულად ყველა მათგანი ხვალიდან შეძლებს მომსახურების მიღებას მათ მიერვე არჩეულ სახელმწიფოს ცენტრებში და ამას შეძლებენ უფასოდ. ასეთ პირთა რიცხვი გახლავთ 1 512. უნდა ვთქვათ, რომ დაახლოებით 100-მდე ადამიანის შემთხვევაში ვერ დაერთოთ ნება მომსახურების გაგრძელებაზე სხვადასხვა მიზეზთა გამო ცალკეულ პირებს. მაგალითად, არიან ადამიანები, რომლებიც არიან არარეგულარული, არამედ ინციდენტურად ნარკოტიკების მომხმარებლები. ჩანაცვლებითი თერაპიით სარგებლობის საფუძველი ასეთ შემთხვევაში არ არსებობს. მათ შეეძლებათ, რომ ცალკე, დამოუკიდებლად მომართონ სახელმწიფოს ცენტრებს და შესაბამისად გაიარონ შესაბამისი შემოწმება და ამის საფუძველზე იქნება მიღებული ინდივიდუალურად გადაწყვეტილება. მოგვმართა ცალკეულ შემთხვევებში პირებმა, რომლის შესახებ ინფორმაციაც შესაბამისმა კერძო დაწესებულებამ არ დაადასტურა. არის სამწუხაროდ შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე პირი რეგისტრირებულია სულ მცირე ორი კერძო მომწოდებლის ბენეფიციარად. ანუ ორ ადგილზე იღებდა ნარკოტიკულ საშუალებას. რამდენად ხშირია ასეთი შემთხვევები იმ პირთა შორის, ვისაც არ მოუმართავს, ამის თქმა ამ ეტაპზე ნამდვილად არ შეგვიძლია. არის სხვა მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებიც. მაგალითად, პაციენტის მიერ და ცენტრის მიერ მოწოდებულ ცნობებში სხვაობა დოზების შესახებ, მაგრამ ამ ეტაპზე დეტალურად აღარ შევჩერდებით ამ საკითხებზე. ვიტყვით მხოლოდ, რომ 100-ს არ აღემატება ასეთ შემთხვევათა რიცხვი. ვიმეორებ, რამდენად დიდია ასეთ შემთხვევათა გავრცელება კონტინგენტში, ვისაც არ მოუმართავს ჩვენთვის, ამის თქმის შესაძლებლობა ჩვენ არ გაგვაჩნია.
მინდა ვთხოვო თითოეულ ბენეფიციარს, რომელსაც მიღებული აქვს დადასტურება სახელმწიფოს ცენტრებში მომსახურების მიღების შესაძლებლობაზე, მიაქციონ ყურადღება ცენტრში მისვლის დროს და დაიცვან შესაბამისი ინსტრუქციები, მათ შორის, რა თქმა უნდა, იქონიონ პირადობის დამადასტურებელი საბუთი.
იმ შემთხვევისთვის, თუკი ვინმეს ჰქონდა სახელმწიფოსთვის მომართვის ობიექტური დამაბრკოლებელი გარემოებები, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, 22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში მომართვის შემთხვევაში გამარტივებული პროცედურების გავლის შედეგად ისინი ჩაირიცხებიან სახელმწიფოს პროგრამაში. ამ მიზნით ცვლილებები იქნა იქნება შეტანილი შესაბამის ნორმატიულ აქტში და ხვალიდანვე იქნება მათთვის ასეთი რამ შესაძლებელი.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ჩვენ უკვე გვაქვს საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ დავიწყოთ მუშაობა იმ პერსონალის დასაქმების საკითხის განხილვაზე, რომლებიც მუშაობდნენ კერძო ცენტრებში. ასეთ ექიმთა რიცხვი არის დაახლოებით 60, რასაც დაემატება, რა თქმა უნდა, ექთნების კონტინგენტი.
და ბოლოს, აღნიშნული ეტაპის დასრულების შემდეგ გავაგრძელებთ მუშაობას ამ სფეროს შემდგომი რეფორმირებისთვის, რაც გულისხმობს საკმაოდ ფართო სპექტრს საქმიანობისა. მკურნალობის წარმატებულობისთვის აუცილებელი ზომების დახვეწით დაწყებული, ინფრასტრუქტურული საკითხების მოწესრიგებით დამთავრებული. მინდა წარმატება ვუსურვო თითოეულ ბენეფიციარს, რომ მათ შეძლონ დაამარცხონ ის მძიმე სენი, რასაც ჰქვია ნარკოდამოკიდებულება და ამისთვის სახელმწიფო ძალისხმევას ნამდვილად არ დაიშურებს",- განაცხადა სარჯველაძემ.




























