ფრანგული მოდის სახლი Chanel-ი წელს პროდუქციას უკვე მეორედ აძვირებს, რასაც მოდის სახლი კორონავირუსის პანდემიას უკავშირებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ Chanel-ის განმარტებით, მათ პროდუქციის გაზრდილ ფასზე გავლენას ზოგიერთი ქვეყნის ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობა ახდენს, რადგან მათი ვალუტა ევროს მიმართ გაუფასურებულია.
„ფასები ზრდის მიმართულებით გადაიხედა ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ამის საჭიროება დადგა, შესაბამისად ყველა ნივთი მსოფლიოს მასშტაბით ექვივალენტურ ფასში იყიდება. ყველა ქვეყანაში იდენტური ფასების შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა მოგზაურობა ისევ შეზღუდულია“, - აღნიშნულია მოდის სახლის ოფიციალურ განცხადებაში.
Chanel-მა ფასები მაისში ჩანთებსა და სხვადასხვა ტყავის აქსესუარზე დაახლოებით 5-17%-ით გაზარდა. ხოლო ოქტომბერში, ბრენდის პროდუქციაზე დაახლოებით 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთში, ჰონგ-კონგში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ბრიტანეთში.
გამოცემა წერს, რომ Chanel-ის გარდა, საკუთარ პროდუქციაზე წელს ფასები ისეთმა ბრენდებმაც გაზარდეს, როგორიც არის Louis Vuitton-ი, Dior-ი, Gucci-ი, Prada-ი და Ferragamo.