მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩანთები ბრენდული ნაჭრების "ნარჩენებისგან" - Eya წარმოების ზრდას გეგმავს

eya

ხელნაკეთი ჩანთების მწარმოებელი კომპანია Eya, წელს მარკეტინგული აქტივობების კუთხით გააქტიურებასა და ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა, თამარ წიფურიამ განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია ორი წელია ბაზარზეა და ხელნაკეთ ჩანთებს ლიმიტირებული რაოდენობით აწარმოებს. წარმოების პროცესში არაერთი მიმართულებით აქვთ ნამუშევარი. მათ შორის, ტანსაცმლის მიმართულებითაც, რომელიც საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. თუმცა მცირე წარმოების გამო, ამ დროისათვის ტანსაცმლის ხაზი დროებით შეჩერებულია.

წიფურიას ინფორმაციით, წარმოება ექსკლუზიურია და მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარი შეიძლება არსებობდეს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ნედლეულს ადგილობრივ ბაზარზე, ერთ-ერთ იტალიურ მაღაზიაში ყიდულობენ, სადაც ბრენდული ნაჭრების "ნარჩენები" იყიდება.

„მიმდინარე წელს, მარკეტინგულ აქტივობებსა და წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას ვგეგმავთ. რაშიც, დაახლოებით 10 000 ლარის ინვესტიცია უნდა განვახორციელოთ. ახალი პროდუქცია, არსებულისგან განსხვავებული და უფრო ყოველდღიურად გამოყენებისთვის იქნება გათვლილი.

ჩვენ ვქმნით ექსკლუზიურ ნაწარმს, რომელიც სულ რამდენიმე ეგზემპლარი შეიძლება იყოს, ლიმიტირებულია. საქმე ისაა, რომ ნედლეული, რომელსაც ჩვენ ადგილობრივ ბაზარზე, ერთ-ერთ მაღაზიაში ვყიდულობთ, არის ბრენდული, მაღალი ხარისხის ნაჭრის "ნარჩენი", როგორიცაა მაგალითად Dolce & Gabbana და სხვა. შესაბამისად, მისგან, მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ნაწარმის დამზადება შეგვიძლია. რადგან ნაჭრები ექსკლუზიურია, ის დიდი რაოდენობით არასდროს არ არის ხოლმე.

პროდუქციას ძირითადად ონლაინ ვყიდით. ამასთან, წარმოდგენილი ვართ Etsy-ს პლატფორმაზეც, სადაც ძალიან მაღალი მოთხოვნაა და ადგილზე, მაღაზია „კაბაში“ ვართ სტენდით. პროდუქციის ღირებულება 200-300 ლარის ფარგლებში მერყეობს, რისი მიზეზიც ნაკეთობის სირთულე და ძვირადღირებული ნედლეულია. მაგრამ უნდა ავღნიშნო, რომ ქვეყანაში მსყიდველთუნარიანობა ძალიან არის შემცირებული. ადამიანები ხშირად გვწერენ, აინტერესებთ როდისაა ფასდაკლებების პერიოდი, ან თუ შეგვიძლია ფასის დაკლება“, -აცხადებს წიფურია.

მისივე ცნობით, ამ ეტაპზე, საწარმოში 2 ადამიანი ჰყავთ დასაქმებული, ხოლო წარმოების ზრდასთან ერთად, მათი რაოდენობის 5 ადამიანამდე ზრდა იგეგმება.

ბრენდის თანადამფუძნებლის თქმით, მოთხოვნიდან გამომდინარე, სამომავლოდ ატელიე-საგამოფენო სივრცის მოწყობაც იგეგმება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული დაახლოებით 20000 ლარის ინვესტიციას მოითხოვს, გეგმა დროებით სამომავლო პერსპექტივისთვისაა გადავადებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები