ქობულეთში, დაბა ჩაქვში, რაგბის სტადიონის მშენებარე ადმინისტრაციული შენობა ჩამოინგრა. დაიბზარა კედლები, დაზიანებულია სავენტილაციო სისტემისთვის საჭირო გაყვანილობა - ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.
"ამ შენობის კარკასი უკვე აშენებულია, თუმცა ადგილზე არსებული ვითარების მიხედვით შეიძლება ვთქვათ, რომ ის ხელახლა ასაშენებელი იქნება – შენობის ნაწილი ჩანგრეულია, კედლები კი დაბზარულია. არ ვიცით, რა ვითარებაა სტადიონზე, რადგან ის თოვლით არის დაფარული" , - წერს მედია.
საუბარია შენობაზე, რომელიც მიმდინარე ტენდერის ფარგლებში შენდება და რომლისთვისაც ბიუჯეტს 1.7 მლნ ლარი უკვე გადახდილი აქვს.
2022 წლის ივლისში გაფორმებული ტენდერის მიხედვით, 4.3 მლნ აშშ დოლარის კონტრაქტი "შპს გლობალ სტანდარტმშენთან" გაფორმდა. ხელოვნურსაფარიანი რაგბის სტადიონისა და შესაბამისი ადმინისტრაციული შენობის მოწყობაზე ელექტრონული ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს „პროექტების მართვის კომპანიას" ჰქონდა გამოცხადებული.
BM.GE-მ შესაბამისი კითხვებით სამინისტროს უკვე მიმართა და მასალა, პასუხის მიღების შემთხვევაში განახლდება.
რაც შეეხება დოკუმენტაციას, ტენდერის მიხედვით, ადმინისტრაციულ შენობაში უნდა მოაწყონ კაბინეტები, სავარჯიშო ოთახები, საჯარო სივრცეები, სასადილო, სველი წერტილები და სხვა, შენობის საერთო ფართობი 895 კვ.მეტრი უნდა იყოს. საერთო კონსტრუქციული სიმაღლე საერთო კონსტრუქციული სიმაღლე კი 5.85 მეტრი.
კომპანია, რომელიც სამუშაოებს ახორციელებს უკონკურენტო იყო და შესყიდვას სხვა პრეტენდენტი არ ჰყოლია.
შპს გლობალ სტანდარტმშენის წილის 100%-ს დავით ნოზაძე ფლობს.
კომპანიის მიერ მოგებული ტენდერების საერთო ღირებულება 38.1 მლნ ლარია.