მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭარბი მოსავალი თუ უხარისხო ყურძენი? - "მონაცემებს ვაანალიზებდი და ერთ პარადოქსს წავაწყდი"|ინტერვიუ გიორგი მარგველაშვილთან

გიორგი მარგველაშვილი

კომპანია „თბილღვინოს“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ მთავარი მიზეზი, რატომაც სახელმწიფოს რთველის სუბსიდირება ანუ დიდი რაოდენობით ყურძნის შეძენა უწევს, არა - ჭარბი მოსავალი, არამედ ნაკლებადხარისხიანია ყურძენია.

“მევენახეობის სექტორიდან დღეს არ მოდის ისეთი ხარისხისა და ტიპის ყურძენი, როგორიც მეღვინეობის დარგს სჭირდება”, - თქვა გიორგი მარგველაშვილმა BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან” ინტერვიუში, სადაც საკუთარი პოზიცია შარშანდელი რთველიდან კონკრეტული რიცხვების მოშველიებით გაამყარა.

„თბილღვინოს“ დამფუძნებლის თქმით, გასულ წელს ექსპორტირებულ ღვინოს, სპირტებსა და ადგილობრივ მოხმარებას, ჯამში, დაახლოებით 380 000 ტონა ყურძენი დასჭირდა, მაშინ როდესაც მოსავალი მხოლოდ 320 000 ტონა იყო, თუმცა ამის მიუხედავად, მოსავლის თითქმის ნახევარი მაინც სახელმწიფომ შეისყიდა.

“ბევრი კითხვა ჩნდება, რომელზედაც ახლა ამომწურავ პასუხს ვერ გავცემთ, თუმცა ეს კითხვები აუცილებლად უნდა დაისვას”, - ამბობს ბიზნესმენი.

გიორგი მარგველაშვილს სჯერა, რომ მთავრობის სურვილია, სუბსიდირების პოლიტიკის დასრულება, მაგრამ მისი შეფასებით, სუბსიდირების არსებული მოდელი უხარისხო ყურძნის ჭარბად მოყვანას ახალისებს, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან რთველის სუბსიდირებისთვის დახარჯული თანხებიც ადასტურებს.

“მევენახეებმა რადგან იციან, რომ სახელმწიფო გარანტირებულად ჩაიბარებს ყურძენს, ერთ ჰექტარზე მოსავლიანობის მაქსიმიზაციას ახდენენ, ხარისხის ხარჯზე”, - აღნიშნა მან.

რთველის სუბსიდირების მანკიერი წრიდან გამოსასვლელად „თბილღვინოს“ პრეზიდენტი სახელმწიფოს ეტაპობრივ რეფორმას სთავაზობს: „ყველაზე ეფექტური და რადიკალური იქნება, თუ სუბსიდირების განულებას შეძლებს სახელმწიფო და გამოთავისუფლებულ რესურსს ახალი და არსებული, მაღალგანვითარებული ბაზრების ათვისებისკენ მიმართავს”.

გიორგი მარგველაშვილისთვის გაუგებარია ასიმეტრია, როდესაც სუბსიდირებაზე 200 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება, ხოლო ღვინის პოპულარიზაციასა და ახალ ბაზრებზე გასვლას მხოლოდ 12-14 მილიონი ხმარდება.

“თბილღვინოს” პრეზიდენტი გამოსავალს ერთიანი საინფორმაციო და საკოორდინაციო სისტემის შექმნაში ხედავს, სადაც სახელმწიფო წინასწარ დააკავშირებს მეღვინეების კონკრეტულ მოთხოვნას მევენახეების მიწოდებასთან. ამასთან, იგი ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერი ცვლილება მხოლოდ სექტორთან მჭიდრო დიალოგით უნდა განხორციელდეს.

“მთავარია, ღვინის დარგი და სახელმწიფო ერთად დავსხდეთ, გავმართოთ დისკუსია და დიალოგის პროცესში შესაძლოა, უკეთესი წინადადებებიც გაჩნდეს”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა “წერტილთან” ინტერვიუში.

ინტერვიუ გიორგი მარგველაშვილთან

- რა იქნება მტკივნეული, მაგრამ ყველაზე ეფექტიანი გზა სუბსიდირების მანკიერი წრიდან გამოსასვლელად?

- ყველაზე ეფექტიანი და რადიკალური ნაბიჯი იქნება, თუ სახელმწიფო სუბსიდირების განულებას შეძლებს და ამ რესურსს ახალი, მაღალგანვითარებადი ბაზრების შექმნასა და განვითარებაზე მიმართავს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მტკივნეული და ერთი წლის ჭრილში, შეიძლება ითქვას, შეუძლებელიც იქნება, თუმცა სწორედ ეს უნდა იყოს ის სამიზნე და სასურველი მდგომარეობა, რომლისკენაც უნდა მივისწრაფოდეთ - თუ ეს მიზანი არ დავისახეთ, მისკენ სვლასაც ვერ განვახორციელებთ. ვფიქრობ, რომ რამდენიმე წლის ჭრილში ამის მიღწევა სრულიად შესაძლებელია. ამისათვის საჭიროა უფრო გონივრული მიდგომები, რათა რეალურად დადგინდეს, რა რაოდენობის, ხარისხისა და ჯიშის ყურძენი სჭირდება დარგს, რომელ რეგიონებიდან და რა ღვინოების საწარმოებლად. ამავდროულად, უნდა გაანალიზდეს, რისი წარმოების პოტენციალი აქვს მევენახეობას, რომ მოთხოვნა მიწოდებას შეესაბამებოდეს. გასული წლის სტატისტიკას რომ შევხედოთ... თქვენთან ინტერვიუმდე მონაცემებს ვაანალიზებდი და ერთ პარადოქსს წავაწყდი: გასულ წელს საქართველოდან დაახლოებით 90 მილიონი ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რასაც დაახლოებით, 130 000 ტონა ყურძენი სჭირდება. გარდა ამისა, საკმაოდ ინტენსიურად ვახდენთ ყურძნისეული სპირტების ექსპორტს, რამაც დაახლოებით 46 მილიონი ლიტრი შეადგინა. გასაგებია, რომ შესაძლოა, ძველი მარაგებიც იყოს გამოყენებული, რადგან საბრენდე სპირტს დაძველება სჭირდება, მაგრამ თუ ძველი მარაგი იხარჯება, ლოგიკურია, რომ ბრენდის მწარმოებელმა იმავე რაოდენობის ახალი ყურძენი უნდა შეისყიდოს. 46 მილიონი ლიტრის დამზადებას კი, ტექნოლოგიური მეთოდოლოგიით, გამოსავლიანობისა და გამოხდის გათვალისწინებით, დაახლოებით, 250 000 ტონა ყურძენი სჭირდება. ამას თუ დავუმატებთ ადგილობრივ ბაზარზე მოხმარებულ ღვინოსაც - TBC Capital-ის მონაცემებით, საქართველოში გაიყიდა, დაახლოებით, 5.5 მილიონი ლიტრი ღვინო, რასაც კიდევ 8 000 ტონა ყურძენი სჭირდება - ჯამში, გავდივართ სადღაც 380 000 ტონა ყურძენზე. ეს ის რაოდენობაა, რაც თეორიულად დასჭირდებოდა დარგს იმ პროდუქციის შესაქმნელად, რისი ექსპორტიც განხორციელდა. ამ დროს კი რეალური მოწოდება ანუ ყურძნის მოსავალი შარშან გაცილებით ნაკლები იყო.

- 2025 წელს საქართველოში ყურძნის მოსავალი 320 000 ტონა იყო…

- დიახ, საჭიროება მეტია... ანუ გარკვეულ პარადოქსთან გვაქვს საქმე.

- მოკლედ, რომ შევაჯამოთ: პროდუქცია, რომელიც ბაზარმა გამოუშვა, 380 000 ტონა ყურძენს საჭიროებდა, მოსავალი კი, 320 000 ტონა იყო. ამ მოსავლიდან თითქმის ნახევარი სახელმწიფომ იყიდა. თუ ბაზარს ასე სჭირდებოდა, რატომ იყიდა სახელმწიფომ?

- აქ ბევრი კითხვა ჩნდება, რომელზედაც ახლა ამომწურავ პასუხს ვერ გავცემთ, თუმცა ეს კითხვები აუცილებლად უნდა დაისვას.

- რა კითხვები გაქვთ?

- მე უფრო პასუხს გეტყვით... ვფიქრობ, საქმე გვაქვს იმასთან, რომ მევენახეობის სექტორიდან დღეს არ მიეწოდება ისეთი ხარისხისა და ტიპის ყურძენი, როგორიც დარგს სჭირდება. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან უნდა შეიქმნას საინფორმაციო და საკოორდინაციო სისტემები. სახელმწიფომ ზუსტად უნდა იცოდეს დარგის მოთხოვნა მომავალი წლისთვის, რადგან თითოეული მსხვილი, საშუალო თუ მცირე კომპანია წინასწარ ახდენს დაგეგმარებასა და ბიუჯეტირებას - იციან, რა ტიპისა და რაოდენობის ღვინო სჭირდებათ კონკრეტულ ბაზრებზე. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია. შემდეგ სახელმწიფომ ეს მონაცემები მევენახეებს უნდა მიაწოდოს - აი, ეს არის დარგის დაკვეთა: სჭირდებათ ამ რაოდენობის, ხარისხის, ჯიშის ყურძენი, ამა თუ იმ რეგიონიდან და კონკრეტულ ფასად.

- რამდენად არის ეს სახელმწიფოს საქმე? წელს, შაქრიანობის ანუ ხარისხის მიხედვით სამი ფასის შემოღებით, თითქოს შეეცადა სახელმწიფო ეთქვა მევენახისთვის, რომ ჭარბ ყურძენში ერთ ფასს არ გადაიხდიდა, მაგრამ 24-საათიანი პროტესტი საკმარისი აღმოჩნდა უკან დასახევად…

- სახელმწიფო ეძებს გზებს და მისი პოზიციაც გასაგებია - მას არ სურს ბიუჯეტის ფულის გაფლანგვა არაკონდიციურ და უხარისხო ყურძენში. სახელმწიფოს ამოცანა ნათელია: სურთ გამოსვლა ამ მდგომარეობიდან. ეს მცდელობები - სამი ფასის პრინციპი თუ ახალი ვენახების გაშენების სერტიფიცირება, მოტივირებულია იმით, რომ შემცირდეს როგორც ბიუჯეტის, ისე გლეხების დამოკიდებულება სუბსიდირებაზე, თუმცა ჩემი აზრით, გაცილებით ეფექტური იქნებოდა, ასეთი ინიციატივების დანერგვამდე გამართულიყო აქტიური კონსულტაციები დარგთან.

- მეღვინეობის დარგთან?

- დიახ, მეღვინეობის დარგთან, რადგან ამ მსჯელობასა და კამათში შესაძლოა, ბევრად უკეთესი იდეები გაჩენილიყო.

- თქვენი ანალიზით, ყურძნის მოსავალი არ არის იმდენად ჭარბი, რომ ბაზარს არ სჭირდებოდეს, თუმცა ნახევარზე მეტი მაინც სახელმწიფოს მიაქვს. მთავარი მიზეზი ის არის, რომ ხარისხი არ პასუხობს დარგის მოთხოვნებს?

- დიახ. ასევე უნდა გავიხსენოთ, რომ სუბსიდირება 20 წლის წინ დაიწყო. სუბსიდირებას უნდა ვუყუროთ, როგორც დროებით უსაფრთხოების ბადესა და სოციალურ ბუფერს. თუ სახელმწიფო ატყობს, რომ ამ მდგომარეობიდან ვერ გამოდის, ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას. მესმის სახელმწიფოსი, რომ ცდილობს სოციალური პასუხისმგებლობის ტარებას, მაგრამ თუ ხედავენ, რომ დარგის მიერ მოთხოვნილი და მევენახეების მიერ მიწოდებული ყურძენი არათავსებადია, რეფორმაა საჭირო. იმასაც გეტყვით, რომ დიდმა კომპანიებმა, მათ შორის ჩვენც, დავიწყეთ საკუთარი ვენახების გაშენება. ყველა იმაზე ლაპარაკობს, რომ ბოლო 14 წლის განმავლობაში სავენახე ფართობები გაიზარდა. სტატისტიკით, 2010 წელს თუ 30 000 ჰექტარი ვენახი იყო, დღეს 50 000 ჰექტარია; როდესაც სახელმწიფო 20 წლის განმავლობაში აკვირდება სავენახე მასივების ზრდას, ხომ უნდა გაჩენილიყო კითხვა: რატომ იზრდება ფართობები იმ პირობებში, როდესაც ყურძნის ჭარბწარმოება გვაქვს? ვინ ზრდის ამ ფართობებს?

- სახელმწიფოს პოლიტიკაა გარკვეულწილად დამნაშავე?

- არა, არა. იცით, გადაწყვეტილებები, რომლებიც დღეს მიიღება - თუნდაც კომერციული ვენახების სერტიფიცირებასთან დაკავშირებით - გარკვეულწილად გონივრულია, თუმცა ეს ნაბიჯები გაცილებით ადრე უნდა გადადგმულიყო. დღეს ეს ვერ შეამცირებს უკვე არსებული არასაჭირო ყურძნის წარმოებას.

- რა ვუყოთ ამ არასაჭირო, ნაკლებად ხარისხიან ყურძენს - ხომ არ მივედით იმ ეტაპამდე, როცა სჯობს, ბიუჯეტის სუბსიდიები ჭარბი ყურძნის შესყიდვის ნაცვლად, ფერმერებისთვის ვენახების უფრო მოთხოვნადი ჯიშებით ჩანაცვლების წახალისებას უნდა მოხმარდეს?

- თუ მევენახეებმა იციან, რომ ხარისხიან ყურძენს გაცილებით ძვირად მიჰყიდიან კერძო მარნებს, ხოლო სახელმწიფო ამ მარნებს დაეხმარება არა - ტრადიციულ, არამედ მაღალგადამხდელუნარიან, დახვეწილ ბაზრებზე დამკვიდრებაში, სურათი შეიცვლება. ტრადიციულ ბაზრებზე ქართული ღვინის საშუალო ფასი 2.5–3 დოლარს არ სცილდება, ხოლო დახვეწილ ბაზრებზე 5, 7 და 8 დოლარსაც აღწევს. თუ ქართველ მეღვინეებს ამ ბაზრებზე მნიშვნელოვანი წილი ექნებათ, ისინი ხარისხიან ყურძენშიც ბევრად მეტის გადახდას შეძლებენ. დღეს გარკვეულ ასიმეტრიასთან გვაქვს საქმე: სუბსიდირებაზე იხარჯება დაახლოებით, 200 მილიონი ლარი, ხოლო ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე ღვინის ეროვნულ სააგენტოს, თუ არ ვცდები, 12-14 მილიონი ლარი ეძლევა. ამ თანაფარდობის დაბალანსების შემთხვევაში, მწარმოებლებს გაეზრდებათ მოთხოვნა და ხარისხიანი ყურძნის შესყიდვის შესაძლებლობა. მევენახეებს უნდა ჰქონდეთ დროული ინფორმაცია, თუ რომელ კომპანიას რა ჯიშის, ხარისხისა და რაოდენობის ყურძენი სჭირდება, რათა ადაპტაცია შეძლონ. დღეს კი, რადგან იციან, რომ სახელმწიფო გარანტირებულად ჩაიბარებს ყურძენს, მევენახეები ერთ ჰექტარზე მოსავლიანობის მაქსიმიზაციას ახდენენ.

- ხარისხის ხარჯზე?

- დიახ. ნორმალური ხარისხის მისაღებად ჰექტარიდან 8-10 ტონა ყურძენი უნდა იკრიფებოდეს, ჩვენ კი გვყავს მევენახეები, რომელთაც, მაგალითად, რქაწითლის შემთხვევაში, ჰექტარზე 18 ტონა მოსავალი მოჰყავთ.

- ანუ სუბსიდირების არსებული მოდელი ახალისებს ნაკლებად ხარისხიანი ყურძნის ჭარბად მოყვანას? ეს მოდელი საერთოდ ხომ არ არის გასაუქმებელი?

- დარწმუნებული ვარ, სახელმწიფოს სურს, რომ ყურძნის მთელი მოსავალი კერძო სექტორის მარნებში დაბინავდეს. უბრალოდ, ეს უნდა დავისახოთ მთავარ მიზნად და მოვიფიქროთ მისაღწევი ნაბიჯები. ერთ-ერთი მეთოდია, როგორც მინიმუმ, საინფორმაციო ველისა და საკოორდინაციო სისტემის შექმნა, სადაც ერთმანეთს შეხვდება კომპანიების მოთხოვნა და მევენახეების მიწოდება, გაფორმდება წინასწარი კონტრაქტები ყურძნის შესყიდვაზე. ჩვენ თავის დროზე ვცადეთ მევენახეებთან გრძელვადიანი ხელშეკრულებების დადება - ეს მარტივი პროცესი არ არის, თუმცა თუ სახელმწიფო ამას რეფორმის სახით აიღებს, შედეგი ექნება...

- თუ რამდენიმე საათიანი პროტესტის გამო მიზანზე უარს იტყვიან, მაინც არაფერი გამოვა…

- რა თქმა უნდა. ეს შეიძლება არც იყოს ერთადერთი გამოსავალი - მთავარია, დარგი და სახელმწიფო ერთად დავსხდეთ, ვიმსჯელოთ, გავმართოთ დისკუსია და დიალოგის პროცესში შესაძლოა უკეთესი წინადადებებიც გაჩნდეს.

- ამ თემაზე - როგორ გამოვიდეს სახელმწიფო ყურძნის სუბსიდირებიდან - სამინისტროს დარგთან ფართო ფორმატში უმსჯელია? დისკუსია ყოფილა?

- ბოლო დროს ასეთი დისკუსია, სამწუხაროდ, არ მახსენდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები