მეღვინეობა „მელიტონის“ დამფუძნებელ გიორგი სხირტლაძის შეფასებით, მიუხედავად მოსავლიანობის ზრდისა, წელს, რაჭაში რთველის სეზონი ხარისხისა და რეალიზაციის თვალსაზრისით მარტივი არ ყოფილა.
"რაჭაში, წლევანდელი რთველი ამინდის პრობლემებს და ბაზარზე შემცირებულ მოთხოვნას დაემთხვა" - ასე დაახასიათა მან BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ რთველი 2025.
ღვინის ეროვნული სააგენტოს, 20 ოქტომბრის მონაცემებით, რაჭაში რეკორდული რაოდენობის, 3 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალი სრულად დაბინავდა - ზრდა წინა წელთან შედარებით, თითქმის 80%-ია.
„ჩვენი მოსავალი, წელს, დაახლოებით, 10-15%-ით გაიზარდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უკეთაა - მოთხოვნა ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე შემცირდა, ამინდის გაუარესებამ კი, რთველის პიკზე სერიოზული პრობლემები შექმნა", – განაცხადა სხირტლაძემ.
ამასთან, მისი თქმით, რაოდენობის ზრდა ყოველთვის არ ნიშნავს ხარისხის გაუმჯობესებას.
„როცა მოსავალი ჭარბია, ეს არ ნიშნავს ხარისხიან ყურძენს. თუ ახალი ვენახების ხარჯზე იზრდება მოსავალი, ეს ნორმალურია, მაგრამ თუ დამატებითი მიწების გარეშე იმატებს ჰექტარზე დატვირთვა, მაშინ ხარისხი იკლებს,“ – ამბობს მეღვინე.
„მელიტონის“ ვენახებიდან ჰექტარზე საშუალოდ 4–5 ტონა ალექსანდროული იწარმოება. როგორც სხირტლაძე განმარტავს, წელს მოსავლიანობა ოდნავ გაიზარდა, თუმცა ეს ხარისხზე უარყოფითად არ ასახულა: „ჩვენი მიდგომა მცირე მოსავლიანობაზეა დაფუძნებული. რაოდენობაზე კი არა, ხარისხზე ვმუშაობთ.“
„მელიტონის“ წლიური წარმოება, დაახლოებით, 100 000 ბოთლს შეადგენს. კომპანიის მთავარი საექსპორტო ბაზრებია დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია და საფრანგეთი.
მეღვინის შეფასებით, ევროპული ბაზარი რთულია, თუმცა სტაბილური და პერსპექტიული.
„ევროპა ჩვენთვის რთული, მაგრამ სტაბილური ბაზარია. კონკურენცია ფასების მხრივ მძიმეა, რადგან ჩვენს წარმოებაში ყველა კომპონენტი - ნედლეული, მუშახელი, შეფუთვა - უფრო ძვირია, თუმცა ხარისხით კონკურენცია ჩვენ მხარეზეა,“ – ამბობს ის.
კომპანიის მარკეტინგული გადაწყვეტილებით, ღვინო საფრანგეთიდან შემოტანილ პრემიუმ ბოთლებში ისხმება.
„ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქტი პრემიუმ სეგმენტში დავამკვიდროთ. საქართველოშიც იწარმოება ბოთლები, მაგრამ არა იმ ხარისხის, რაც ჩვენ გვჭირდება", – განმარტა გიორგი სხირტლაძემ.




























