კომპანია "ტექნო ბუმის" დამფუძნებლის ანზორ ქოქოლაძის აზრით, რეგულაციამ შესაძლოა, სიღარიბე კიდევ უფრო გაზარდოს. ამის შესახებ ქოქოლაძემ bm.ge-ის საბანკო რეგულაციების შეფასებისას განუცხადა.
მისი თქმით, 1 იანვრიდან ამოქმედებული საბანკო რეგულაციების შედეგად, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, იანვარში გაყიდვები 50%-ით შემცირდა.
ბიზნესმენი გამოსავალს შიდა განვადებების ინსტრუმენტის ამოქმედებაში ეძებს და აცხადებს, რომ რეგულაციები უკიდურეს შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული.
"ტექნო ბუმის" დამფუძნებელს მიაჩნია, რომ ეროვნული ბანკის მიერ ამოქმედებელი რეგულაციები ზედმეტად მკაცრია.
"ერთი რამ ცხადია, რეგულაცია არ უნდა გვესმოდეს როგორც ეკონომიკის დამაჩქარებელი; რეგულაცია ყოველთვის ეკონომიკის შემზღუდვაია. რეგულაცია სიღარიბეს ვერ შეამცირებს, პირიქით, რეგულაციამ შეიძება სიღარიბე გაზარდოს, მაგრამ არის რეგულაციები, რომელიც უკიდურესად აუცილებლია და თუ არ შემოიღებ, შეიძლება სხვა უფრო დიდი პრობლემების წინაშე დადგეს ქვეყანა, მაგრამ ეს რეგულაცია უნდა იყოს უკიდურესად მინიმალური ანუ უკიდურესი აუცილებლობიდან უნდა გამოდიოდეს ხელისუფლება რეგულაციების შემოღების დროს. ეს არ უნდა იყოს თვითმიზანი. რაც მეტი იქნება რეგულაცია, მით მეტად ღარიბები ვიქნებით, რადგან უფრო ნელა გაიზრდება ეკონომიკა. ჭარბვალიანობაც სიღარიბის დამარცხებით უნდა დაიძლიოს - რეგულაცია კი, სიღარიბეს ვერ შეამცირებს და ისე არ უნდა გამოვიდეს, რომ ჭარბვალიანობა დაიძლიოს და სიღარიბე გაიზარდოს", - განაცხადა ბიზნესმენმა.

























