საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის შეფასებებს ეხმაურება, რომელიც ქვეყანაში ჭარბვალიანობის დონეს ეხება. კახა კიკნაველიძე არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ამ მხრივ საქართველოში საგანგაშო მდგომარეობაა. ამავე პოზიციაზეა საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსი ლაშა გზირიშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, bm.g-ს განუცხადა, რომ ჭარბვალიანობის შეფასების რაიმე უნივერსალური ფორმულა არ არსებობს, ამიტომ ცალსახად რთულია იმის თქმა, რომ ამ მხრივ ქვეყანაში რთული ვითარებაა.
,,ნამდვილად ვეთანხმები ეროვნულ ბანკს, რომ საგანგაშო მდგომარეობა ნამდვილად არ არის, თუმცა როგორც ვიცი სებ-ს აფიქრებდა ვალის ზრდის ის ტემპი, რაც ამ სეგმენტში იყო და აი ამ ზრდის ტემპის შენელებისკენ არის მიმართული ეს რეგულაციები’’-განაცხადა კახა კიკნაველიძემ.

























