მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზისა და საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ღირებულებამ 3 862 630 ლარი შეადგინა და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების საჭიროება ძლიერმა ღვარცოფმა გამოიწვია, რომელმაც მდინარის ორივე სანაპიროზე არსებული ნაპირსამაგრი კედლები, გზის სავალი ნაწილი, ავტობუსის მოსაცდელი და სახლ-მუზეუმთან მისასვლელი საფეხმავლო ხიდი დააზიანა.
პროექტის ფარგლებში აშენდა ახალი ერთმალიანი საფეხმავლო ხიდი, მოეწყო რკინაბეტონის ნაპირსამაგრი და ნაკადჩამქრობი კედლები, ასევე დამონტაჟდა ლითონის მოაჯირები. სამუშაოები ითვალისწინებდა გზის ასფალტბეტონის საფარის აღდგენას, ტროტუარისა და ახალი ავტობუსის მოსაცდელის მოწყობასაც.
დეპარტამენტის ცნობით, სამუშაოების დასრულების შედეგად აღდგა ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმთან მისასვლელი საგზაო და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა.





















