განათლების მიღების შესაძლებლობისა და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობისთვის საგანმანათლებლო ფონდი “Educare Georgia” სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ინტერნეტისა და კომპიუტერების მიწოდებას უზრუნველყოფს, ახლო მომავალში კი კონფლიქტის პირა ზონებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის ინტერნეტის დაფინანსებას და ლეპტოპების დარიგებას გეგმავს.
“უნდა მოვიცვათ კონფლიქტის პირა ზონები და მაღალმთიანი რაიონები, სადაც დაახლოებით 2000–3000 სოციალურად დაუცველი ბავშვია.
საქართველოში არსბეული საგანმანათლებლო პლატფორმები ჩვენი პარტნიორები არიან და ახორციელებენ ე.წ. ონლაინ მენტორობას.
როდესაც ვაძლევთ ბავშვებს კომპიუტერებს ეს კომპანიები ახორციელებენ მათ მენტორობას და ასწავლიან თუ როგორ უნდა გამოიყენონ ტექნოლოგიები და საგანმანათლებლო ვებ-გვერდები“, - განმარტავენ კომპანიაში.
პროექტი წეროვანის და წილკანის დევნილთა დასახლებაში დაიწყო. ამჟამად 265-ზე მეტი კერძო დონორის მხარდაჭერით 120-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული ინტერნეტში.
“თითოეული ბავშვისთვის ინტერნეტის ჩართვა დაახლოებით 25 ლარი ჯდება, რაც შეეხება ლეპტოპებს , ჩვენ ბავშვებს ვაძლევთ Google Chrome Book–ებს, რომლის 10–მდე ოჯახისთვის მიწოდებაც დაახლოებით 1800 დოლარი ჯდება.
ხალხი აფინანსებს ინტერნეტის გადასახადს ხოლო კომპანიები ლეპტოპებს.” - განაცხადა 'ჩართე’-ს დამფუძნებელმა, გიორგი ჯიბლაძემ BM.GE-სთან საუბრისას.
არჩევის პროცესში სკოლა უწევს რეკომენდაციას მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასელ ბავშვებს, განმცხადებლები წარადგენენ სოციალურად დაუცველის სტატუსის საბუთს, ავსებენ აპლიკაციას. ‘ჩართე’–ს წარმომადგენელი კი მიდის მათ ოჯახებში სადაც ხდება ინფორმაციის იდენტიფიცირება.
სამომავლოდ 'ჩართე' უფრო დიდ მასშტაბებზე – ბორჯომში, გურიაში და სხვა მაღალმთიან რაიონებში გასვლას გეგმავს.

























