მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩაშლილი სხდომის ისტორია - რატომ ჩავარდა მამუკა ხაზარაძის მოსმენა

5c75637568ac5
შოთა ტყეშელაშვილი
26.02.19 20:15
3007
2019 წლის 19 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გამოთქვეს მზადყოფნა მონაწილეობა მიეღოთ საპარლამენტო განხილვაში და საზოგადოებისთვის TBC-ის საქმის დეტალები გაეცნოთ.

ხაზარაძე და ჯაფარიძე ამ დღეს საქართველოდან მიემგზავრებოდნენ, ამიტომ პირობა დადეს, რომ ქვეყანაში დაბრუნებისთანავე იქნებოდნენ მზად პრალამენტის კითხვებისთვის ეპასუხათ. 

21 თებერვალს "თიბისი ბანკმა" ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოაქვეყნა განცხადება - ხაზარაძემ და ჯაფარიძემ დატოვეს სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო ბანკმა  1.1 მილიონი ლარის ჯარიმის გადახდაზე თანხმობა განაცხადა. თავად მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ კი თქვეს, რომ ისინი ინდივიდუალურ რეჟიმში სებ-თან დავას განაგრძოდბნენ. ამავე დღეს მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ პარლამენტში მისვლისთვის მზად იყვნენ. 

ბანკირების პარლამენტში დაბარების შესახებ თავდაპირველად საკითხი საპარლამენტო უმცირესობამ დააყენა; მათი მოთხოვნა გაითვალისწინა დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა და 26 თებერვლისთვის საკომიტეტო მოსმენა დანიშნა. საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნითვე, პარლამენტში დაიბარეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე. გვენეტაძეს დღევანდელ მოსმენაზე "თიბისის" საქმესთან ერთად, დეპუტატებისთვის 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედებული საბანკო რეგულაციების შედეგები უნდა გაეცნო. 

გუშინ, 25 თებერვალს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ სებ-ს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საჯარო განხილვის მოწყობა კონკრეტული ბანკის მიმართ გატარებულ საზედამხედველო ღონისძიებებზე. შედეგად, საზოგადოებამ ჩათვალა, რომ კობა გვენეტაძე საკომიტეტო მოსმენაზე მისვლაზე უარს აცხადებდა.

როგორ განვითარდა მოვლენები 26 თებერვლის მოსმენაზე

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა 12:00-ზე გაიხსნა. ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში უჩვეულოდ მაღალი კვორუმი იყო. საქართველოს უმსხვილესი კომერციული ბანკის დამფუძნებლების მოსასმენად ადგილზე მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იყვნენ მისული. გუშინდელი განცხადების გამო, პარლამენტში კობა გვენეტაძის გამოჩენას არავინ ელოდა. სხდომის დაწყებამდე 5 წუთით ადრე ის რუსთაველის 8 ნომერში მდებარე შენობაში შევიდა. 

სხდომა რომან კაკულიამ გასხნა, რომელმაც სიტყვა კობა გვენეტაძეს დაუთმო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისთვის აღნიშნულ ფორმატში საუბარი სებ-ის დამოუკიდებლობაზე “იერიშის მიტანას” წარმოადგენდა. 

ასეთ სიტუაციაში რეგულატორის მიერ გადაწყვეტილების ასე განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, არის რეგულატორის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანა და გავლენის მოხდენის მცდელობა,” - თქვა გვენეტაძემ. 

ამასთანავე, გევენეტაძემ თქვა, რომ მისი პარლამენტში დაბარების კიდევ ერთ პუნქტზე, ფიზიკური პირების დაკრედიტების წესზე ვერ ისაუბრებდა, რადგანაც არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები ცვლილების ანალიზის საფუძველს არ იძლეოდნენ. 

დარბაზში შეკრებილმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა გვენეტაძეს განუცხადეს, რომ ის, როგორც პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული მოხელე, ვალდებული იყო დეპუტატების კითხვებისთვის ეპასუხა. 



საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ კი თქვა, რომ რეგულატორისა და მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირის პარლამენტში გამოკითხვა თავისი არსით “უპრეცენდენტო” ფორმატს წარმოადგენდა და ის პოტენციურად დამაზიანებელი შეიძლება ყოფილიყო. 

“ქართული ოცნების” წევრმა დავით მათიკაშვილმა კი, თქვა რომ თუ საფინანსო საკითხების შესახებ დისკუსია პარლამენტში გადაინაცვლებდა, არსებობდა საშიშროება, რომ კონკრეტული სამართალდარღვევის გამო სხვა ბანკებსაც მოეთხოვათ ანალოგიური ტიპის განხილვის მოწყობა: 

“მე ინსტიტუციაზე გელაპარაკებით კოლეგებო, როდესაც კომერციული ბანკი და რეგულატორი ქეისს გაარჩევენ საჯაროდ და სახალხოდ, ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ სხვა კომერციული ბანკი წამოდგება, არ შეასრულებს ეროვნული ბანკის მითითებას, სასამართლოში აღარ გაასაჩივრებს და იტყვის - წამოდით, პარლამენტში გავარჩიოთ ეს საკითხიო,”- განაცხადა მათიკაშვილმა. 

ამ განცხადებების შემდეგ დაბრაზში სიტუაცია გამწვავდა, მალევე კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა, რომ მას შესაძლოა, სხდომა დაესრულებინა. მისი თქმით, სხდომის დასრულების შესახებ მსჯელობა “ქართული ოცნების” გუნდში წარიმართა. 

“ჩვენ გუნდში გვქონდა მსჯელობა, რომელზეც გამოიკვეთა არგუმენტები, რომ ამ ფორმატში დიალოგში შესვლა შესაძლოა, იყოს საფრთხის შემცველი. მე ვიღებ ამ გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ მგონია, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება,” - განაცხადა რომან კაკულიამ და სხდომაზე შესვენება გამოაცხადა. 

დაახლოებით, 20 წუთიანი შესვენების შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომის დასრულებას უყარა კენჭი, რაზეც თანხმობა “ქართული ოცნების” წევრებმა განაცხადეს, შედეგად მოსმენა დასრულდა. 

რომან კაკულიას ეს გადაწყცეტილება დაგმეს ოპოზიციის წევრებმა და განაცხადეს, რომ ის პროცედურულ ხარვეზებს შეიცავდა. 

“ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონმა რომან კაკულიამ წნეხს ვერ გაუძლო. მას კატასტროფული გადაწყვეტილება მიაღებინეს. ეს არის პარლამენტის უუნარობის გამოხატულება,”- თქვა ევროპული საქართველოს წევრმა გიგა ბოკერიამ. 

სხდომის ჩაშლის შემდეგ 

“დღევანდელი მსჯელობა სწორედ იმიტომ იყო მოწვეული, რომ ჩვენ განმარტება გაგვეკეთებინა და საზოგადოებას და დეპუტატებს გაერკვიათ რა მოხდა რეალურად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი, იძულებითი ნაბიჯი გადავდგით რომ დაგვეტოვებინა ბანკი, მაგრამ ჩვენს ღირსებასა და სამართალს ჩვენ არ დავთმობთ",- სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

"თიბისის" დამფუძნებელმა ასევე თქვა, რომ პარლამენტის წინაშე გამოსვლა მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც მისი და ბანკის წინააღმდეგ აგორებული სიცრუის კამპანისთვის მომხდარის შესახებ ობიექტური ფაქტები დაეპირისპირებინა. 

მოსმენის ჩაშლის მიუხედავად, ახალი სხდომის ორგანიზება იგეგმება. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს კომიტეტის სხდომაზე იწვევს. 

"თიბისის" დამფუძნებლები გამოთქვამენ სურვილს, დაესწრონ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომას, რომელზეც მათ დეპუტატებისთვის ბანკის გარშემო მიმდინარე პროცესების გაცნობისა და კითხვებზე პასუხის გაცემა შეეძლებათ. ამის შესახებ BMG-ის "თიბისის" პრესსამსახურში დაუდასტურეს. 

დღესვე განცხადება გააკეთა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომაც. საინფორმაციო სააგენტო "აქცენტისთვის" მიწოდებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "თიბისი ბანკის" საკითხის მომდევნო განვითარება საქართველოს იმიჯზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს. 

“თვალყურს ვადევნებთ "თიბისის" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს. იმას, თუ როგორ გადაწყდება ეს საკითხი, რა განმარტებები გაკეთდება ამასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად აისახება საქართველოს იმიჯზე ინვესტირებისა და ბიზნესის ნდობის მიმართულებით,” - აცხადებენ საელჩოში. 


ჯერჯერობით უცნობია, როდის დაინიშნება შემდგომი სხდომა, რომელზეც მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს სიტყვით გამოსვლის საშუალება მიეცემათ. ასევე უცნობია წარმოდგენილი იქნება თუ არა ამ სხდომაზე ეროვნული ბანკი. 




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები