მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩაუდგება თუ არა სახელმწიფო ანაკლიის პორტს ტვირთების მოზიდვის გარანტორად?

5c8230e159eec
სალომე მეცხვარიშვილი
08.03.19 13:02
1190
არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის სწორი გზა,- ასე პასუხობს საქართველოს პრემიერმინისტრი შეკითხვას, ჩაუდგება თუ არა სახელმწიფო ანაკლიის პორტს ტვირთების მოზიდვის გარანტორად? შესაბამისი მოთხოვნა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს აქვთ, რომლებსაც ანაკლიის პორტის დაფინანსების სურვილი აქვთ.

ბახტაძის თქმით, სახელმწიფომ ისედაც სერიოზული ინვესტიციები ჩადო ანაკლიის პორტში და მთავარი ბიზნესრისკის - ტვირთების მოზიდვის - საკუთარ თავზე აღება სერიოზულ გააზრებას საჭიროებს.

“სწორედ კერძო კომპანიებისგან შემდგარ კონსორციუმს უნდა უზრუნველეყო ტვირთების მოზიდვა. როცა ჩვენ ასეთ მასშტაბურ ინვესტიციას ვახორციელებთ: გავაკეთეთ მიწების გამოსყიდვა, რომელიც ასევე დიდ თანხასთან იყო დაკავშირებული; ვაძლევთ საპარტნიორო ფონდიდან კაპიტალში თანხას; ამას თუ ისიც დაემატება, რომ ის მთავარი ბიზნეს რისკი, რომელიც უკავშირდება ტვირთების მოცულობას, ესეც ბიუჯეტმა აიღოს თავის თავზე, ეს, ვფიქრობ, სერიოზულ გააზრებას საჭიროებს”,- აცხადებს ბახტაძე.

მისი თქმით, თავის დროზე, როდესაც ანაკლიის პორტზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა, სახელმწიფოს რამდენიმე მოტივაცია ჰქონდა. პირველი, მისი თქმით, ზოგადად, უკეთეს მოდელად ითვლება, როდესაც პროექტს ახორციელებს კერძო ინვესტორი, როცა ამის შესაძლებლობას თავად პროექტი იძლევა.

“მეორე, ჩვენ გვინდოდა გვეხილა საერთაშორისო კონსორციუმი, იმ კერძო კომპანიებისგან შემდგარი, რომლებიც შეძლებდა ტვირთების მოზიდვას დერეფანში და რომ ყოფილიყო მეტი ინტერესი მსხვილი კომპანიების მხრიდან - ანაკლიის პორტის მეშვეობით მეტი ტვირთვის ტრანსპორტირება მომხდარიყო.

თუ ისევ ბიუჯეტის ხარჯზე ვსაუბრობთ, რომ უნდა მოხდეს ტრაფიკის გარანტიის მიცემა, ამ შემთხვევაში კითხვაც ჩნდება: მაშინ რა არის ის დამატებითი ღირებულება და ძალისხმევა, რომელიც უნდა მოიტანონ საერთაშორისო ინვესტორებმა?

ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ჩვენ საერთაშორისო კონსორციუმი დღესაც და მომავალშიც გვჭირდება, რომ დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ამ კონსორციუმის ფარგლებში ძლიერი მოთამაშეები შეძლებენ საქართველოში დამატებითი ტვირთების მოზიდვას. ამას მთავრობა ვერ გააკეთებს. მთავრობამ უნდა შექმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა, შესაბამისი თამაშის წესები, დაიცვას ინტერესები ნებისმიერი ორგანიზაციის ინტერესები, რომ შეძლოს თავისი ფუნქციების შესრულება.

გარანტიის გაცემა არის საკითხი, რომელსაც სჭირდება სერიოზული ანალიზი”,- აცხადებს ბახტაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები