მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭავჭავაძის შემდეგ ქეთევან წამებულის გამზირი - რა არგო თბილისს მიწისქვეშა ურნებმა?

61eab1f03d0c9
ინგა მურუსიძე
21.01.22 19:00
1381
ჭავჭავაძის გამზირის შემდეგ მიწისქვეშა ნაგვის ურნების დამონტაჟებას დედაქალაქის მერია ქეთევან წამებულის გამზირზეც განიხილავს, რომლის რეაბილიტაცია სულ ახლახან, 20 იანვარს დაიწყო. ურნების დამონტაჟებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა მსჯელობა მიმდინარეობს. 

ვაკეში მიწისქვეშა ნაგვის ურნების პროექტი დედაქალაქს 2 წლის წინ 7 მილიონი ლარი დაუჯდა, მაშინ თითო ნაგვის ურნის ღირებულება 31 ათას ლარს აღწევდა. თბილისის ერთ-ერთ მთავარ გამზირზე მათი მონტაჟი მოხდა, რომლის დანიშნულება არა მხოლოდ ნარჩენების მიწის ქვეშ განთავსება, არამედ მათი განცალკევებული (სეპარირებული) შეგროვება იყო. ურნები დამონტაჟდა, თუმცა ნარჩენების განცალკევებაზე არავის უზრუნია. დედაქალაქის მერიის დაქვემდებარებაში არსებული "თბილსერვის" ჯგუფი ნაგავს დღესაც ერთად აგროვებს. მიუხედავად ამისა, კომპანიის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე პროექტს წარმატებულად მიიჩნევდა და bm.ge-სთან ამბობდა, რომ სამაგიეროდ ურნების დაცლა უფრო იშვიათად ხდებოდა და 7-მილიონიანი პროექტის ბენეფიტი საწვავის შემცირებული ხარჯი იყო. 

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ნარჩენების სეპარირება დაწყებული ისევ არ არის, მერია მორიგი, მაღალფასიანი პროექტის განხორციელებას უკვე ქეთევან წამებულის გამზირზეც გეგმავს. 

„ქეთევან დედოფლის გამზირზე მიწისქვეშა ურნების დამონტაჟება განიხილება, რადგან ჩვეულებრივი ურნებისგან განსხვავებით, მისი დაცლა ხდება მხოლოდ დღეში ერთხელ, რაც ზოგავს საწვავის ხარჯს და ამცირებს საცობების შექმნის ალბათობას. მათი ეფექტიანობა ჭავჭავაძის გამზირზე დამონტაჟებულმა ურნებმა გვაჩვენა”, - პასუხობენ bm.ge-ს მერიაში.

შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ნაგვის ურნები 2020 წელს დამონტაჟდა. ეს საპილოტე პროექტი იყო თბილისისთვის, რომელიც მომდევნო წლებში სხვა უბნებზეც უნდა გავრცელებულიყო. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები