ესპანური ლა ლიგის ბოლო, 38-ე ტურში “ბარსელონა” გასვლაზე “სევილიას” დაუპირისპირდება და ეს კატალონიური გრანდის მთავარი მწვრთნელ ჩავი ერნანდესისთვის უკანასკნელი მატჩი იქნება კლუბის ხელმძღვანელის რანგში. ინფორმაციას თავად "ბარსელონა" სოციალური ქსელ X-ის საშუალებით ადასტურებს.
ცნობილია, რომ გასულ პარასკევს კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა სავარჯიშო სესიის შემდეგ ჩავის შეხვდა და დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილება ამცნო.
თავდაპირველად თავად ესპანელი აპირებდა თანამდებობის დატოვებას, თუმცა ლაპორტამ იგი გადაარწმუნა. მოგვიანებით ჩავიმ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეკონომიკური პრობლემების გამო გუნდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ვერ იაქტიურებდა და ამის გამო მთავარ მეტოქე, მადრიდის “რეალს” კონკურენციას ვერ გაუწევდა. ამ განცხადებამ ჟოან ლაპორტას განრისხება გამოიწვია, რაც გახდა რეალური მიზეზი ერნანდესის თანამდებობიდან გადაყენების.
სატრანსფერო ანალიტიკოსი ფაბრიციო რომანო, რომელიც გულშემატკივრებში დიდი ნდობით სარგებლობს, სოციალურ ქსელში წერს, რომ სულ მალე კატალონიელების მთავარი მწვრთნელი გერმანელი ჰანსი ფლიკი გახდება, რომელიც 2019/20 წლების სეზონში მიუნხენის “ბაიერნს” წვრთნიდა, რომელთან ერთადაც ტრიპლეტის მოგება მოახერხა.
წარსულში ფლიკი გერმანიის ნაკრებში იოაჰიმ ლიოვის ასისტენტიც იყო, რომელთან ერთადაც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ხოლო მოგვიანებით 2021-2023 წლებში გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელადაც იმუშავა.
შეგახსენებთ, რომ ჩავი "ბარსელონაში" 2021 წლიდნა მუშაობდა, 141 მატჩიდან 88 მოიგო, 24 ფრედ დაასრულა, ხოლო 29-ში დამარცხდა. მან კლუბს ამ დროის განმავლობაში ესპანეთის ჩემპიონატი და ადგილობრივი სუპერთასი მოაგებინა.