დღეს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, სახელმწიფო პროგრამა Check in Georgia-ს ფარგლებში, მომღერალ დათო კენჭიაშვილის კონცერტი გაიმართება.
საქმე იმაშია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა და შეარჩიეს მუსიკალური ღონისძიებები და არტისტები, რომელთაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დარბაზების ქირას გადაუხდის და მათ შორის შეირჩა მომღერალი დათო კენჭიაშვილი, რომელსაც დღევანდელი კონცერტისთვის ფილარმონიის დარბაზი 25 000 ლარად უქირავეს.
როგორც bm.ge-ის მომღერალმა განუცხადა, პროექტ Check in Georgia-ის მხარდაჭერის გამო, „ძალიან გახარებულია“.
„Check in Georgia“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ძალიან გახარებული ვარ, რომ ჩემი კონცერტის მხარდაჭერა გადაწყდა. „Check in Georgia“-მ დიდი სიყვარული გამოიჩინა ჩემს მიმართ“, - აღნიშნა დათო კენჭიაშვილმა.
კითხვაზე - გაიყიდა თუ არა კონცერტზე დასასწრები ბილეთები, მომღერლის თქმით, აქვს მოლოდინი, რომ „ფილარმონიის დარბაზი სავსე იქნება“.
ცნობისთვის: საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, „Check in Georgia“-ს ფარგლებში, 15 მუსიკალური და ქორეოგრაფიული ღონისძიების ჩასატარებლად სამი უმსხვილესი დარბაზის ქირისთვის 359 000 ლარს იხდის.
კერძოდ, „ბლექ სი არენას“ მომსახურება ჯდება 45 000 ლარი, თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) - ₾25,000, ხოლო ბათუმის მუსიკის სახლის - ₾7,000.
პროექტის ფარგლებში, უკვე გაიმართა შემდეგი კონცერტები:
29 მაისი - გიო ხუციშვილის სოლო კონცერტი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში.
31 მაისი -,,ქართული ცეცხლი’’ ფილარომონიის საკონცერტო დარბაზში.
7 ივნისი - სტეფანეს’’ სოლო კონცერტი ფილარმონიაში.
12 ივნისი - ჯგუფ Reggaeone-ის 10 წლის საიუბილეო კონცერტი ფილარმონიის კონონცერტო დარბაზში.
13 ივნისი - ,,სტეფანეს’’ სოლო კონცერტი ბათუმის მუსიკის სახლში.
23 ივნისი -33ა და ნიაზ დიასამიძე ფილარმონიაში.
24 ივნისი - ,,ბოლივუდის’’ ვარსკვლავის, ჰემა მილანის შოუ და ,,სუხიშვილები’’ ფილარმონიაში.
31 ივლისი -ნიაზ დიასამიძის, 33ა-სა და პოლონური ჯგუფ ,,ვოლოსის’’ ერთობლივი კონცერტი ,,ბლექსიარენაზე’’.
28 სექტემბერი - აფხაზეთის სიმღერის ადა ცეკვის სახელმწიფო ანსაბლ ,,აფხაზეთის’’ სოლო კონცერტი ,,ქართული გენი’’ ფილარომიაში.
5 ოქტომბერი - ჯგუფ ,,სახე’’-ს სოლო კონცერტი ფილარომიაში.
6 ოქტომბერი - ,,ლუ ბეგა თბილისში’’ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი.
გარდა ამისა, 14 ოქტომბერს დაგეგმილია მერაბ სეფაშვილის შემოქმედების 40 წლისთავთან დაკავშირებული სოლო კონცერტი "გაიღიმე" ფილარმონიაში, ხოლო 23 ნოემბერს კი - ლელა წურწუმიას შოუ ბათუმის მუსიკის სახლში.
სახელმწიფო პროგრამა Check in Georgia-ს ჯამური ბიუჯეტი 2018 წელს 20 მლნ ლარია.

























