Check In Georgia-სთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა გაყიდული ბილეთებიდან სრულად დაკომპენსირდა, - ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" კულტურის მინისტრის მოადგილემ კახა კანდელაკმა განუცხადა. მისი თქმით, სახელმწიფოსგან ხარჯები პრაქტიკულად არ გაწეულა.
"თავიდან 23 მილიონი გაჟღერდა და ამდენი არ დასჭირდა პროექტის განხორციელებას, რადგან ბილეთები ძალიან კარგად იყიდებოდა. სარეზერვო ფონდიდან დაახლოებით 20 მილიონამდე გამოიყო, მაგრამ ამას შემდეგ პროექტში კერძო ბიზნესი გამოჩნდა.
დიდი პლიუსია, რომ სახელმწიფოდან არაფერი დახარჯულა. სეზონზე 37 მილიონია სახელმწიფოში შესული და ამ თანხით უკვე 11 შენობის გარემონტება მოხდება. შეიძლება ითქვას, რომ ამ ერთი პროექტით სახელმწიფომ რამდენიმე კურდღელი ერთად დაიჭირა.
პროექტმა ჩვენს მოლოდინებს გადააჭარბა, იმიტომ რომ ძალიან კარგი შედეგი აქვს. პროექტით ჩამოყვანილმა დიდმა ვარსკლავებმა საქართველოს ძალიან კარგი სარეკლამო კამპანია გაუკეთეს მთელს მსოფლიოში. ეს ნაცადი ხერხია და ჩვენი გამოგონილი არ არის და ვერცერთი სხვა ფორმის რეკლამა ვერ შეედრება. ბევრმა ადამიანმა, რომელიც დასასვენებლად სხვა ქვეყანაში აპირებდა წასვლას, საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტა. ზუსტ ციფრებს ვერ გეტყვით, მაგრამ დაახლოებით 200 000-მდე ბილეთია გაყიდული", - ამბობს კანდელაკი.
კულტურის მინისტრის მოადგილე პროექტის სამომავლო დაგეგმვაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს პროექტი „ძალიან ხელსაყრელ მომენტში“ დაიგეგმა.
"სამეზობლოში თითქმის ყველგან პრობლემებია, მაგალითად თურქეთში, რუსეთში და ა.შ. და ამიტომ კარგი პერიოდი შეირჩა და საჭირო დროს განხორციელდა პროექტი. ბევრი ადამიანი, რომელიც საერთოდ უარს ამბობდა საქართველოში წამოსვლაზე მათთვის საქართველო კარგ დასასვენებელ ადგილად იქცა“.
კითხვაზე მოხდება თუ არა სამომავლოდ ტურისტულ კომპანიებთან კოორდინირებული მუშაობა, კანდელაკი განმარტავს, რო 2017 წლის ღონისძიებებისთვის მზადება მიმდინარე წელსვე დაიწყება. მაგალითად კანდელაკს ბათუმში Maroon 5-ის კონცერტის პერიოდში არსებული ხარვეზები მოჰყავს.
"სახელმწიფო პროექტები ასე ადვილად არ კეთდება, რაღაც უნდა დაიგეგმოს და ისე უნდა განხორციელდეს. გადაწყდა, რომ ახლავე, წელსვე დავიწყოთ ტურისტულ კომპანიებთან და სპონსორებთან შეხვედრები.
ვერ წარმოედგინათ, რომ ივნისის დასაწყისში 35 000 ადამიანი ბათუმში კონცერტზე ჩავიდოდა. ამის დაჯერებაც არ სურდათ იმიტომ, რომ ვაფრთხილებდით რომ ბევრი ხალხი ჩავიდოდა და მომზადებულიყვნენ და ამას ყურადღებას არ აქცევდნენ. არ ჯეროდათ, რადგან საქართველოში მსგავსი გამოცდილება არ ყოფილა. გაისად დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად კარგად მოემზადებიან”.
რაც შეეხება კერძო კომპანიების ორგანიზებით ჩატარებულ ფესტივალებთან შესაძლო კონკურენციის შესახებ დასმულ კითხვას, კანდელაკი განმარტავს, რომ თუკი რომელიმე კომპანია ფესტივალს ზაფხულის პერიოდში ატარებდა, მას საკუთარი სპონსორები ბევრად ადრე უნდა ჰყოლოდა:
"ამ საკითხზე ვერ დაგეთანხმებოდით, იმიტომ რომ კომპანიებს საქმე ასარჩევად აქვთ. ჩვენი პროექტი ძალიან გვიან დაიწყო. ბევრ კომპანიას ბიუჯეტი უკვე გათვლილი ჰქონდა.
ამ ყველაფერმა შიდა ტურიზმზეც ძალიან კარგად იმოქმედა და ბევრი ადამიანი, ვინც წასვლას აპირებდა საზღვარგარეთ აღარ წავიდა ამ ღონისძიებების გამო და ის თანხები საქართველოში დაიხარჯა. ვინც ტრადიციულ ფესტივალებს ატარებს, იმათ ტრადიციული სპონსორი უნდა ჰყავდეთ. მაგალითად თეატრალურ ფესტივალებს კომერციულ ბანკებთან 4-5 წლიანი კონტრაქტები აქვთ გაფორმებული და წლიდან წლამდე მუშაობენ. ყველაზე კარგია ტრადიციული პარტნიორი ყავდეს ბიზნესის სახით და 4-5 წლიანი კონტრაქტი გააფორმონ. მაშინ უფრო კარგადაც დაიგეგმება და ასეთი ფესტივალი არასდროს არ დაიკარგება. რაც თქვენ ბრძანეთ მენეჯმენტის მინუსია, რადგან დაბრალება ყველაზე ადვილი საქმეა".

























