მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩეხეთი გააგრძელებს დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას გარდამავალი პროგრამის ფარგლებში - საელჩო

ჩეხეთი

ჩეხეთი გააგრძელებს დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას გარდამავალი პროგრამის ფარგლებში, - ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის საელჩო წერს.

ამასთან, დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებით, საქართველოში ჩეხეთის საელჩო გააგრძელებს მომიტინგეებისა და ჟურნალისტების სასამართლო პროცესების მონიტორინგს.

აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის საელჩო, ევროკავშირის ქვეყნების სხვა საელჩოებთან ერთად, დაესწრო ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომას ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

"სამწუხარო და შემაშფოთებელია იმის ხილვა, თუ როგორ მოქმედებს შერჩევითი მართლმსაჯულება საქართველოში, ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანაში. ერთის მხრივ, კრიტიკული ონლაინ მედიის, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი დაკავებულია იმის გამო, რომ ემოციური შელაპარაკების დროს, ბათუმის პოლიციის უფროსს ხელი გაარტყა. მეორე მხრივ, არც ერთი ნიღბიანი პირი, რომლებიც სასტიკად გაუსწორდნენ ტელეკომპანია “ტვ პირველის” ჟურნალისტსა და ოპერატორს, თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქციების დროს, არ არიან პასუხისგებაში მიცემულნი.

ბოლო დროს გამოქვეყნებული, 2024 წლის ევროპის პრესის თავისუფლების ანგარიში, სახელწოდებით - “პოლიტიკურ წნეხთან დაპირისპირება, დეზინფორმაცია და მედიის დამოუკიდებლობის ეროზია”, ნათლად აღწერს საქართველოში არსებულ მედია გარემოს: “საქართველოში პრესის თავისუფლების სწრაფი ვარდნა, რომელიც გამოხატულია ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ესკალაციით, შემზღუდველი კანონებითა და პოლიტიკური ჩარევით, ხაზს უსვამს შემაშფოთებელ გადახვევას დემოკრატიული პრინციპებისა და ევროპული ინტეგრაციისგან. ხელისუფლების მხრიდან სამართლებრივი და ფიზიკური დაშინების ტაქტიკის მზარდმა გამოყენებამ, ავტორიტარული რეჟიმების საკანონმდებლო ზომების მიბაძვასთან ერთად, შექმნა მტრული გარემო დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისთვის. ამ ტენდენციების შესაცვლელად სასწრაფო მოქმედებაა საჭირო, მედიის თავისუფლების, საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროპული მისწრაფებების დასაცავად.”

ჩეხეთი, რომელიც არის მედიის თავისუფლების კოალიციის წევრი, მედიის თავისუფლებას დემოკრატიის გადამწყვეტ კომპონენტად მიიჩნევს. დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა, ჩეხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ძლიერი ადამიანის უფლებები და ტრანსფორმაციის პოლიტიკა აგრძელებს ვაცლავ ჰაველის, მწერლის, დისიდენტისა და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის - სიტყვის თავისუფლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მამაცი მებრძოლის მემკვიდრეობას", - წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები