"მე არ მგონია, [რომ თურქეთთან მეტი შანსი გვქონდა, ვიდრე - ჩეხეთთან]. თავიდანვე ვამბობდი, რომ თურქეთთან შეიძლება უფრო გაგვიჭირდეს, რადგან ვართ ერთი სტილის გუნდი და, აშკარად, ჩვენზე უფრო ძლიერი გუნდია იმ სტილში, რომელსაც ვთამაშობთ", - ამის შესახებ BMGDrive-ის ეთერში იურისტმა ზვიად კორძაძემ ისაუბრა.
კორძაძე დღეს, 22 ივნისს, ევროპის ჩემპიონატზე ჩანიშნულ საქართველო-ჩეხეთის მატჩზე, ეროვნული ნაკრების შესაძლებლობებს აფასებს და აღნიშნავს, რომ ნაკრებს მძიმე თამაში ელის, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
"ჩეხეთთან იქნება ძალიან მძიმე თამაში, ჩეხეთი თამაშობს სხვა სტილის ფეხბურთს, უფრო ჩაკეტავს სიტუაციას და იქ ჩვენმა ინდივინდუალისტებმა თუ გაიბრწყინეს, ერთი გოლი თუ გავიტანეთ და ამ დროს თამაშობს ჩეხეთი, რომელიც მძიმე გუნდია და ჩაკეტვაზე თამაშობს, მოუწევთ გახსნა.
ჩეხეთთან ძალიან ბევრი რამე იქნება ხვიჩაზე დამოკიდებული, მის ინდივიდუალურ მდგომარეობაზე. ვსაუბრობთ, რომ თურქეთთან ვერ ითამაშა - ვერ ითამაშა იმიტომ, რომ სამი კაცი დასდევდა და ამ “ვერ თამაშში” რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნა. მაგრამ, თუ ხვიჩას მეტის საშუალება მიეცა და მეტიც გააკეთა, თუ კიტე (ოთარ კიტეიშვილი) დაბრუნდა, რომელიც წარმოუდგენელი ძალაა ასეთი ტიპის თამაშებში, მე არ მგონია, რომ ჩეხეთთან უფრო გაგვიჭირდება", - აღნიშნავს ზვიად კორძაძე.
გადაცემის ჩაწერის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის შეხვედრას ტრავმის გამო ჩეხეთთანაც გამოტოვებს.