მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჭელიძე "ოქროს სიაზე": გათანაბრება და მადლობები გასაგებია, მაგრამ ბიზნეს მეტი დრო უნდა მიეცეს

5d07bab836de7
BM.GE
18.06.19 09:00
1251
ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის მიერ გადაცემაში "Forbes კვირა" გაკეთებული განცხადების მიხედვით, მას შემდეგ, რაც მისი ბრძანების შესაბამისად "ოქროს სიის" შეღავათები გაუქმდა, წვრილი იმპორტიორებისგან მადლობები მიიღო, რადგან განხორციელებული ცვლილებები მათ თანაბარ კონკურენტულ პირობებში ჩაყენების მიზანს ემსახურება.

მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელის მიხეილ ჭელიძის თქმით, მას პირადად მინისტრისთვის მადლობა არ შეუთვლია, თუმცა შეღავათების გათანაბრების წინააღმდეგი არასდროს ყოფილა. მიუხედავად ამისა, იგი არ ემხრობა გადაწყვეტილების ასე ნაჩქარევად ამოქმედებას, რადგან თვლის, რომ ბიზნესს ახალ რეალობაზე გადასაწყობად გონივრული ვადა უნდა მისცემოდა.

"ამ გადაწყვეტილებას შეიძლება ვემხრობოდე გათანაბრების ნაწილში, მაგრამ ის, რომ ეს მეორე დღეს ამოქმედებულიყო, ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები. ასეთი ცვლილებები უნდა ამოქმედდეს მინიმუმ 6 თვის შემდეგ, რათა ბიზნესმა მოასწროს გადაგეგმვა.

მადლობა შეიძლება ვთქვათ გათანაბრების ნაწილში, მაგრამ კონკრეტული ბიზნესი ვიცი, როცა ერთად დავგეგმეთ პროცესები და მეორე დღეს მომიწია თქმა, რომ წინასწარ დეკლარირება არის გაუქმებული.

გათანაბრება კი ბატონო, მადლობებიც გასაგებია, მაგრამ ნაღდ ფულს როცა ეხება საქმე, ბიზნესს უნდა მიეცეს მეტი ვადა, როგორც ეს გავაკეთეთ ესტონული მოდელის შემთხვევაში. არსებობს ფინანსები, ბიზნესი გეგმავს და როდესაც ამ გეგმაში ჯოხის ჩარჭობა ხდება, ეს ჯოხის ჩარჭობა უნდა იყოს წინასწარ ცნობილი", - აცხადებს მიხელ ჭელიძე.

რაც შეეხება წინასწარი დეკლარირების შემთხვევაში 15–დღიანი საშეღავათო პერიოდის გაუქმებას, ამასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრმა "Forbes კვირაში" განაცხადა, რომ ეს დროებითი ღონისძიება იყო, რომელიც შემოსავლების სამსახურმა გააკეთა იმისთვის, რომ ბიზნესის მიერ გადასახადების დროულად გადახდა წაეხალისებინა და ეს ადრე თუ გვიან გაუქმდებოდა.

მიხეილ ჭელიძე აცხადებს, რომ თუ ეს დროებითი ღონისძიება იყო, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდა.

"წინასწარი დეკლარირების ხიბლი ის იყო, რომ 15 დღეში იხდიდი იმპორტის გადასახდელებს. წინასწარი დეკლარირება კიდევ იმითაა კარგი, რომ "გეზ"-ში მისვლის პროცედურებს ამცირებს. კარგა ხანია ასეა, ჩემთვის არ იყო ცნობილი, რომ ეს დროებითი ღონისძიება იყო", - აცხადებს მიხეილ ჭელიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები