მეღვინეობამ „ჩელთი“ ჩინეთში სადისტრიბუციო ჰაბი გახსნა. ამის შესახებ მეღვინეობის კომერციულმა დირექტორმა ანა მირიანაშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.
მისი თქმით, კომპანიამ ჩინეთში დააფუძნა საკუთარი კომპანია და მოიპოვა იმპორტისა და დისტრიბუციის ადგილობრივი ლიცენზიები, რაც „ჩელთის“ საქმიანობას აზიის ბაზარზე მნიშვნელოვნად გაამარტივებს.
„აქამდე დისტრიბუციის ჰაბი მხოლოდ გერმანიაში გვქონდა, საიდანაც ევროპაში ვახორციელებდით მიწოდებებს. ახლა უკვე ჩინეთშიც გვაქვს ჰაბი, რაც საშუალებას გვაძლევს, მეტი მოქნილობით ვუპასუხოთ აზიური ბაზრის მოთხოვნებს და გავზარდოთ გაყიდვები“, – აღნიშნა მირიანაშვილმა.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ჩინეთის ბაზარზე ოპერირება კომპლექსურ მენეჯმენტს მოითხოვს და თანამშრომლობა ადგილობრივ პარტნიორებთან გადამწყვეტია ეფექტური მუშაობისთვის.
“იქ გვყავს პარტნიორი, რომელიც ჩინეთის ბაზარზე წლებია მუშაობს და გვეხმარება რეალიზაცია/დისტრიბუციაში, რადგან ჩინეთის ბაზარი ძალიან სპეციფიკურია და მარტო საქართველოდან მართვა და მენეჯმენტი ბევრ სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუ ადგილობრივი წარმომადგენლები არ არიან იქ“, - აცხადებს კომპანიის კომერციული დირექტორი.




























