მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩემი აზრით, ზურაბ აზარაშვილის მოხსნა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა - სანდრო ურუშაძე

სანდრო

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის სანდრო ურუშაძის მოსაზრებით, ზურაბ აზარაშვილის მოხსნა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა.

იგი მიიჩნევს, რომ მმართველ ძალას საარჩევნოდ პოპულარული ადამიანი სჭირდება და როგორც ჩანს, ზურაბ აზარაშვილი ასეთად არ მიიჩნიეს.

„ჩემი აზრით, საარჩევნო პერიოდში, უნდათ ადამიანი, რომელიც ექიმებში მეტი პოპულარობით ისარგებლებს. ალბათ, ბატონი ზურა ვერ იყო ის მინისტრი, რომელიც სამედიცინო პერსონალის ან ამ დარგში მომუშავე სპეციალისტების პატივისცემით/ავტორიტეტით სარგებლობდა. ჩემი აზრით, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ კონცეფციას, ყოფილი მინისტრი გამოწვევებზე საუბრობს და მიაჩნია, რომ ვიდრე გადაწყვეტილებებს მიიღებენ, მკაფიო ხედვა უნდა არსებობდეს.

"ვიცი, რომ მთავრობის დადგენილება გაუქმდა, რომელიც საავადმყოფოს დანგრევას ითვალისწინებდა, მაგრამ არ ვიცი ახალი დადგენილება, რომელიც ამ შეთანხმებას განსაზღვრავს, თუ როგორი უნდა იყოს შემდგომში საავადმყოფოს მომავალი. არა გვაქვს ხედვა, რომელიც ერთ ადამიანზე, მის პირად ხედვაზე კი არ იქნება დამოკიდებული, დაინგრევა თუ არა საავადმყოფო, არამედ სექტორის საჭიროებებს გაითვალისწინებენ და სამედიცინო პერსონალის, ექიმების, ექთნების მენეჯერების ჩართულობით მიიღებენ გადაწყვეტილებას.

სახელმწიფო დაწესებულებების მართვის მახინჯი მოდელია, როცა თვითონ საავადმყოფოს დირექტორს 5 დირექტორი ჰყავს. არ ვამატებ, როცა ხუთს ვამბობ, რადგან მათი დირექტორია: ჰოლდინგის დირექტორი, ჯანდაცვაში მაღალჩინოსანი, ფინანსთა სამინისტრო,ეკონომიკის სამინისტროც და საბოლოოდ, თუ ჩვენი სექტორის განვითარება გვინდა, მით უმეტეს სახელმწიფო საავადმყოფოების, ისეთი მოდელი უნდა შევარჩიოთ, როდესაც იქ დირექტორს, მის მოადგილეს, პასუხისმგებელ პირებს ექნებათ არა მარტო პასუხისმგებლობა და ვალდებულება, არამედ უფლებები, რომ გეგმა შეათანხმონ/წარმოადგინონ, რომ მერე ეს გეგმა განხილვის შედეგი იყოს. ხომ შეიძლება მანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ხელმოწერილ დოკუმენტს ვნახავთ, მანამდე იმსჯელონ ამაზე, თანამშრომლების და თუნდაც იმ ადამიანების ჩართულობით, ვისაც საწინააღმდეგო აზრი შეიძლება ჰქონდეს, - რატომ გვეზიზღება საწინააღმდეგო აზრი. ეს პირიქით, დაგვეხმარება რომ გავაუმჯობესოთ რეგულაციები, დოკუმენტები, ხედვები, გეგმები", - განაცხადა სანდრო ურუშაძემ.

"წერტილის" წამყვანის კითხვას - როგორ შეაფასებთ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ აზარაშვილის საქმიანობას? - ასე უპასუხა: „კულტურა უნდა დავამკვიდროთ, რომ წასულ ადამიანს მადლობა ვუთხრათ გაწეული სამუშაოსთვის და მეორეც, როცა მის საქმიანობას ვაფასებთ უნდა გვქონდეს ინდიკატორები, რის მიხედვით, ვაფასებთ. როცა არც შეფასების სისტემა გვაქვს და არც დოკუმენტი, ვერ შევაფასებთ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები