"კანონის არსებული რედაქციით უბედური შემთხვევის დაზღვევა შეიძლება ყველა სფეროზე გავრცელდეს", - ამის შესახებ დეპუტატი და პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს.
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიხედვით, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ბიზნესს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე მუშაობის პერიოდში დასაქმებული ადამიანების უბედური შემთხვევის საკუთარი ხარჯებით დაზღვევა მოუწევთ. გარდა ამისა, პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი განიხილავს სავალდებულო დაზღვევის კომპონენტის ყველა სხვა კომპანიაზეც გავრცელებას, რომელიც არ მიეკუთვნება მომეტებული საფრთხის შემცველ სამუშაოს.
„ბიზნესს ჰგონია, რომ გარკვეულ სეგმენტში ამ საკითხის შესვლა არის ნაადრევი, რაც ჩემი აზრით, არ არის სწორი. ჩვენ ამ კანონით არათუ ხვალ ვიწყებთ ინსპექტირებას, არამედ ვადგენთ გარკვეულ სტანდარტებს და იმ ბიზნესებს, სადაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი არ არის შრომის უსაფრთხოების საკითხები, მათთვისაც ძალიან მკაფიო იქნება რა პროცედურები უნდა გაიარონ, რა სტანდარტები უნდა დაადგინონ იმისთვის, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც იქნება დასაქმებული არამარტო მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე, არამედ იქნება ჩვეულებრივ მომსახურების სფეროში და საჯარო სექტორში, იქაც არსებობდეს მინიმალური სტანდარტები იმისთვის, რომ ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას. მაგალითისთვის, ეს შეიძლება იყოს ის, რომ ვალდებულება გაუჩნდეს ნებისმიერ ორგანიზაციას, რომ შიშველი დენის წყარო არ ჰქონდეს, ნესტიან ოთახში არ ამუშაოს ადამიანი, რომელმაც შეიძლება ფილტვების დაავადება გამოიწვიოს და ა.შ
აქ გარკვეული სკეპტიციზმი არის ბიზნეს წრეებისგან, რომ ხომ არ დააზიანებს განსაკუთრებით ისეთ ბიზნესს, რომელიც ძალიან მცირეა, მათ ხომ არ შეუქმნის ბიუროკრატიულ მექანიზმებს, ამაში გვინდა მაქსიმალურად ეფექტურები ვიყოთ, არ იყოს ზედმეტი ტვირთი, გავამარტივოთ მათთვის, მაგრამ ამავდროულად იყოს გარკვეული სტანდარტი დადგენილი.
მოქმედი კანონით ვალდებულება არის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ხელმძღვანელების, რომ დააზღვიონ უბედური შემთხვევებისგან თავისი დასაქმებული. რაც შეეხება სხვა სფეროებს, კანონის ამ რედაქციაში არის, რომ ეს შეიძლება გავრცელდეს ყველა სფეროზე, თუმცა აქ შეიძლება გარკვეულ კომპრომისზე ვისაუბროთ, რომ ყველა სფეროზე, სადაც არ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეს დაზღვევა, შეიძლება იქ არ გავრცელდეს და გავრცელდეს მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე, თუმცა ეს მეორე მოსმენის საკითხია და ამაზე ჩვენ ღია ვართ სადისკუსიოდ.
თუმცა ზოგადად კარგია, რომ დაზღვეულნი არიან დასაქმებულები, თუმცა ეს რამდენად არის მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე კანონით განისაზღვროს, მეორე საკითხია.
დღევანდელი მოცემულობით შესაძლებელია რომ ეს გავრცელდეს მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე, იმიტომ რომ უბედური შემთხვევის დაზღვევა სგულისხმობს, თუმცა ჩემი დამოკიდებულება საკითხისადმი არის, რომ ყველა დასაქმებული უნდა იყოს დაზღვეული“-განმარტავს დიმიტრი ცქიტიშვილი.