"გახარია საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი პოლიტიკიდან კერძო სექტორში მიდის. ამის შესახებ პოსტს Facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს, საიდანაც ვიგებთ, რომ ის საქმიანობას ტექნოლოგიების, ციფრული ტრანსფორმაციის, ფინანსების და ეკონომიკის მიმართულებით გააგრძელებს, თუმცა სად - ჯერ არ აკონკრეტებს.
"საჯარო პოლიტიკასა და პოლიტიკურ საქმიანობაში გატარებული მრავალი წლის შემდეგ, ახალი წლის დადგომასთან ერთად, უკვე საჯაროდაც ვხურავ ჩემი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპს და საქმიანობის გაგრძელებას კერძო სექტორში ვგეგმავ.
მადლიერი ვარ იმ უდიდესი გამოცდილებისთვის, პასუხისმგებლობისა და ნდობისთვის, რაც საქართველოს საჯარო და პოლიტიკურ სივრცეში საქმიანობას ახლდა თან. განსაკუთრებული მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ამის შესაძლებლობა მომცა ან/და მხარდაჭერა მაგრძნობინა! ამ წლებმა მასწავლა იმაზე მეტი, ვიდრე წარმომედგინა - ქვეყანაზე, ხალხსა და საკუთარ თავზე.
ჩემი პროფესიული ფოკუსი უკვე კერძო სექტორზეა: ტექნოლოგიები, ციფრული ტრანსფორმაცია, ფინანსები და ეკონომიკა! მჯერა, რომ გრძელვადიანი და მდგრადი ცვლილებები ასევე მოდის ძლიერი კომპანიების მშენებლობით და იმ სექტორების ხელშეწყობით, რომლებსაც ეკონომიკური განვითარება მოაქვთ.
ეს არ ნიშნავს საჯარო ინტერესებზე უარის თქმას - ეს ღირებულება კვლავ რჩება ჩემი საქმიანობის ქვაკუთხედად, ყოველთვის და ყველგან ვიბრძოლებ ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებისთვის.
მადლობა ყველას, ვისთან ერთადაც ამ გზაზე მოვდიოდი. წინ ახალი ეტაპია!" - წერს ბექა ლილუაშვილი.
პროფესიით ეკონომისტ-ფინანსისტი ბექა ლილუაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა ეკონომიკის სამინისტროში, შსს-ში, პრემიერ-მინისტრის აპარატში და საბანკო სფეროში. მისი სამუშაო გამოცდილება პოლიტიკურ პარტიაში "გახარია საქართველოსთვის" გაწევრებამდე ასეთი იყო:
2020-2024 წლები - საქართველოს მე -10 მოწვევის პარლამენტის წევრი;
01/2020 – 10/2020 - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში;
10/2019 01/2020 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
01/2018-10/2019 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსი;
06/2017 - 12/2017- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ეკონომიკური რეფორმების სამმართველოს უფროსი;
12/2016-06/2017 - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, კონსულტანტი ფინანსებსა და ეკონომიკის საკითხებში;
01/2016 - 11/2016 - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური საბჭოს ეკონომიკური განვითარების სამსახურის, I კატეგორიის მრჩეველი;
06/2014 - 01/2016 - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური საბჭოს ეკონომიკური განვითარების სამსახურის II კატეგორიის მრჩეველი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია;
02/2014 - 06/2014 - ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი/საკრედიტო ანალიტიკოსთა ჯგუფის უფროსი, სს ბანკი კონსტანტა;
03/2013 – 03/2014 – „პროკტრედიტ ბანკი“ , ბიზნეს კლიენტების მრჩეველი და კორპორაციულ კლიენტთა განყოფილების უფროსის პოზიცია;
08/2012 – 11/2012 - ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი-სტაჟიორი, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.




























