მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩემი გამოცდილებით, ქართველები ძალიან კრეატიული ხალხია“ - შვეიცარიის ელჩი ქართული პროდუქციის პოტენციალზე

6028f44bec987
თამთა ჯიჯავაძე
14.02.21 19:00
886
რომელ ქართულ პროდუქტს აქვს პოტენციალი შვეიცარიის ბაზარზე? - ამ შეკითხვას BMG-სთან ინტერვიუში, შვეიცარიის ელჩმა საქართველოში, პატრიკ ფრანცენმა უპასუხა.

მისი თქმით, პირველ რიგში, საქართველომ უნდა გააგრძელოს ხარისხიან ნიშურ პროდუქტებზე ფოკუსირება, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის კუთხით.

„თუმცა, იმისათვის რომ კონკურენტუნარიანი იყო ფასებში, საკმარისი რაოდენობის პროდუქტი უნდა აწარმოო, რათა სატრანსპორტო ხარჯები დაბალ ნიშნულზე შეინარჩუნო. მეორე მხრივ, ჩემი გამოცდილებით, ქართველები ძალიან კრეატიული ხალხია. ჩვენ ვცხოვრობთ გაციფრულების და ახალი ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში. საქართველოში შესანიშნავი სტარტაპებია წარმოდგენილი და არის პოტენციალი ბლოკჩეინ და ფინტექ ტექნოლოგიების მიმართულებით. მესამე საინტერესო არეალი შესაძლოა განჩდეს სამედიცინო ტექნოლოგიებისა და ფარმაციის მიმართულებით“, - განაცხადა ელჩმა.

ცნობისთვის, გასულ წელს, შვეიცარიას საქართველოს სასარგებლოდ ნეგატიური სავაჭრო ბალანსი ჰქონდა. საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს შვეიცარიაში საქართველოდან 106,8 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო იქიდან 61,8 მლნ აშშ დოლარის ოდენობის იმპორტი დაფიქსირდა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქციას შორის ძვირფასი ქვების და ლითონების ნაწარმი ლიდერობს, რომლის მოცულობამაც მაგალითად, 2019 წელს 65,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. "რამ განაპირობა ეს? პირველ რიგში, შვეიცარია არის მნიშვნელოვანი გლობალური სავაჭრო ცენტრი. მეორე მხრივ, ჩვენს საათებისა და საიუველირო ინდუსტრიას აქვს ინტერესი მაღალხარისხიანი ძვირფასი მეტალების მიმართ", - აღნიშნა პატრიკ ფრანცენმა.

ცნობისთვის, საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრ ქვეყნებს შორის, მათ შორის შვეიცარიას შორის, 2017 წელს გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომელმაც საქართველოში არსებულ საწარმოებს საშუალება მისცა წარმოებული პროდუქტის დიდი ნაწილი სატარიფო ბარიერების გარეშე მაღალმსყიდველუნარიან ბაზარზე შეიტანონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები