თიბისი ბანკის თანადამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი სტარტაპია. მისი თქმით, მიუხედავად უკვე განხორციელებული საკმაოდ დიდი ინვესტიციებისა, არანაირი გარანტია ამ პროექტთან მიმართებით არ არსებობს.
“პრაქტიკულად მთელი ჩემი კარიერა, იმიჯი, ფინანსები და ყველაფერი არის სასწორზე შეგდებული ამ პროექტთან მიმართებით. მაგრამ მე ღრმად მჯერა, რომ ეს პროექტი გამოვა. ეს პროექტი სჭირდება მამუკა ხაზარაძეს და მის გუნდს კი არა, არამედ მთელს საქართველოს.
არ მინდა პათეტიკურად გამომივიდეს, მაგრამ ნამდვილად სტარტაპია ანაკლიის პორტის პროექტი. არანაირი გარანტია, მიუხედავად იმისა, რომ ამხელა ინვესტიცია არის განხორციელებული, არ არის. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. აქ იყო ნახსენები სამხედრო ამბავი, პოლიტიკური და ა.შ. ბევრი პრობლემა შეიძლება ახლდეს ამას.
რამ გადამაწყვეტინა? იმან, რომ მე ღრმად მჯერა, რომ ამ პროექტს შეუძლია ჩვენი რეალობა შეცვალოს. და ის გამოცდილება და ის საპარტნიორო მხარდაჭერა, რომელიც არსებობს ბიზნესპარტნიორების და ნდობა საერთაშორისო ბანკებისგან, მაძლევს მე და ჩემს ჯგუფს იმის იმედს, რომ ჩვენ ამხელა პროექტს ბოლომდე მივიყვანთ”,- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

























