მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩემი მისია დასრულებულია” - გიორგი დანელიამ საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტი დატოვა

649ed8fc89afc
თელარა გელანტია
30.06.23 17:29
8858
გიორგი დანელია საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. გიორგი დანელიას განცხადებას bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ძვირფასო მეგობრებო!

საპენსიო რეფორმა ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფეხურია, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს, როგორც ეკონომიკის მდგრად განვითარებაში, ასევე საფუძველი უნდა დაუდოს მოქალაქეთა სოციალურ უსაფრთხოებას.

ვამაყობ, რომ ბოლო 2.5 წლის განმავლობაში ვმუშაობდი საპენსიო სააგენტოს გუნდთან ერთად რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ამ დიდი სამუშაოს განხორციელება!

ცხადია, რომ ისევე როგორც ყველა მნიშვნელოვან საქმეს, საპენსიო რეფორმასაც უამრავი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კონტექსტიდან გამომდინარე სირთულე და გამოწვევა ახლდა თან. მაგრამ ჩვენმა გუნდმა ამ პერიოდში არა მხოლოდ დასძლია ყველა ეს სირთულე, არამედ ასევე განახორციელა არაერთი საიმედო ინვესტიცია და სქემის მონაწილეებს მოუტანა 500 მილიონ ლარზე მეტი მოგება.

პარალელურად, ჩვენი მოქალაქეებისთვის უფრო ეფექტური, სანდო და ხარისხიანი მომსახურებისთვის, ჩვენ დავიწყეთ საგენტოს სერვისების სრული დიჯიტალიზაცია, დავხვეწეთ საოპერაციო მიმართულება, გავაფართოვეთ სერვისის მიწოდების გეოგრაფიული არეალი. ამის შედეგად მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ მთელი ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლებში მიიღონ სააგენტოს ნებისმიერი მომსახურება.

ჩვენ ასევე დავნერგეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტები, რის შედეგადაც უკვე ამ წლის მაისში სააგენტომ წარმატებით გაიაროა ISO27001 სერტიფიცირების პროცესიც.

სააგენტო არის მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე. მის მიერ განხორციელებული ყველა აქტივობა ასახულია საინვესტიციო თუ საოპერაციო დოკუმენტებში, რომელიც პროაქტიულად ქვეყნდება სააგენტოს ვებ-გვერდზე და სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებზე.

მიმაჩნია, რომ საპენსიო ფონდში ჩემი მისია დასრულებულია. უწყება უკვე ჩამოყალიბდა ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტად, რომელიც ღირსეულ როლს ითამაშებს ქვეყნის შემდგომ განვითარებაში და რომელსაც (დარწმუნებული ვარ) კარგად გაუძღვებიან ჩემი შემცვლელები.

ამ ეტაპზე, მე ვინაცვლებ კერძო სექტორში, კონკრეტულად კი საბანკო სფეროში და იქიდან ვეცდები ჩემი წვლილი შევიტანო ეკონომიკის შემდგომ განვითარებაში!

მინდა მადლობა გადავუხადო რეფორმის განვითარებაში ჩართულ ყველა ადამიანს! მადლობა მედიას თანამშრომლობისთვის. მადლობა ჩვენს პარტნიორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, მსოფლიო ბანკს, საერთაშორისო სავალუტო ფონდს, აზიის განვითარების ბანკს და სხვებს. ასევე, მადლობა USAID-ს, რომელთან ერთადაც შევქმენით სააგენტოს განვითარების 3-5 წლიანი სტრატეგია.

მადლობა სააგენტოს სამეთვალყურეო და საინვესტიციო საბჭოებს ნდობისთვის, მუდმივი მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის!

და ბოლოს, კიდევ ერთხელ, განსაკუთრებული მადლობა სააგენტოს მთელ გუნდს! თქვენი საქმისადმი დამოკიდებულება, პროფესიონალიზმი და თავდადება არის რეფორმის წარმატების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი! დარწმუნებული ვარ თქვენი შრომის შედეგებს კიდევ ბევრი წლის განმავლობაში დავინახავთ სქემის მონაწილეები!

წარმატებები!", - წერს გიორგი დანელია.

გიორგი დანელია საპენსიო სააგენტოს 2020 წლის 15 დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა. სააგენტოს ვებგვერდის მიხედვით მისი სამუშაო გამოცდილებაა:

2008 წელს გიორგი დანელიამ, კარიერა საკონსულტაციო კომპანია „სინერჯი ჯგუფში“ დაიწყო ანალიტიკოსის პოზიციაზე.

2009 წელს მუშაობა გააგრძელა სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი აი“-ში რეპორტინგის ოფიცრად.

2011-2013 წლებში იგი დაინიშნა სს „საპარტნიორო ფონდში“ საინვესტიციო ოფიცრად.

2013-2014 წლებში იყო უფროსი საინვესტიციო ოფიცერი „საპარტნიორო ფონდში“.

2014-2017 წლებში გიორგი დანელია „საპარტნიორო ფონდში“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ხოლო 2017-2018 საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.

2018-2020 წლებში „საპარტნიორო ფონდში“ გიორგი დანელიამ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიცია დაიკავა.

2017-2020 წლებში გიორგი დანელია ასევე იყო საინვესტიციო ფონდის „Gazelle Finance“ მრჩეველთა საბჭოს წევრი.

2017 წლიდან გიორგი დანელია ჩართულია აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობაში: იგი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. გიორგი ასევე არის CFA პროგრამის მონაწილე.

2020 წლის 15 დეკემბერს გიორგი დანელია დაინიშნა სსიპ „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორის თანამდებობაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები