მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩემი ოჯახის ფონდი კონსერვატორიის წარმატებულ სტუდენტებს აფინანსებს... მოგვთხოვეს, დაფინანსება შევწყვიტოთ - ხაზარაძე

მანანა დოიჯაშვილი

პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, სახელმწიფო კონსერვატორიამ მისი ოჯახის ფონდიდან სტუდენტების სასტიპენდიო დაფინანსებაზე უარი თქვა.

ხაზარაძე ამბობს, რომ უკვე ერთი წელია, მისი ოჯახი კონსერვატორიის წარმატებულ სტუდენტებზე მანანა დოიჯაშვილის სახელობის სტიპენდიებს გასცემს, რაზეც გუშინ მოულოდნელი უარი მიიღო.

„ქალბატონ მანანა დოიჯაშვილთან 30 წელზე მეტი ხნის მეგობრობა და თანამშრომლობა მაკავშირებს. მისი ხელმძღვანელობით და ჩემი მონაწილეობით, თბილისის კონსერვატორიაში არაერთი პროექტი განვახორციელეთ, დაწყებული ავარიული შენობის რეაბილიტაციიდან, დამთავრებული საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონკურსებში მხარდაჭერით და მრავალი სტუდენტის დაფინანსებით.

ქალბატონი მანანას გარდაცვალების შემდეგ, სრულიად ბუნებრივად გამიჩნდა სურვილი დამეწესებინა მისი სახელობის ორი სტიპენდია კონსერვატორიის წარმატებული სტუდენტებისთვის.

მივმართე კონსერვატორიის მაშინდელ ხელმძღვანელობას და ჩემს შეთავაზებაზე თანხმობა მივიღე, რის შემდეგაც, უკვე ერთი წელია ჩემი ოჯახის ფონდი წარმატებული სტუდენტების სტიპენდიებს აფინანსებს.

დღეს კი მოულოდნელად მივიღეთ წერილი, რომლითაც ამ დაფინანსების შეწყვეტა მოგვთხოვეს. მინდა კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემა დავუდასტურო კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს და სინანულით ვთქვა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები კონსერვატორიას ღირსებას არ მატებს და ქალბატონი მანანას ხსოვნას შეურაცხყოფს. მიუხედავად ყველაფრისა, თქვენს გვერდით მიგულეთ“, - აცხადებს ხაზარაძე.

bm.ge ცდილობს დაუკავშირდეს კონსერვატორიას და მიიღოს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ გადაწყდა სტიპენდიაზე უარის თქმა. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები