“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, აშშ-ის სენატის წერილს პასუხობს და აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, არსებული კითხვები და გაუგებრობები დახურულ კარს მიღმა უნდა იქნეს განხილული.
“ბევრჯერ მითქვამს, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ ურთიერთობას, რომელიც გვაქვს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკასთან. ამავდროულად, ჩვენი ქვეყანა დღეს ჯერ კიდევ ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას. მთავარი გამოწვევა არის ოკუპაცია - ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული და უცხო ქვეყნის, რუსეთის ჯარი დგას. სხვა რისკებიც არსებობს ქვეყანაში. ამიტომ, პირადად ჩემი გულწრფელი სურვილია, რომ ნაკლები გაუგებრობები გვქონდეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან. თუ რამე ბუნდოვანებაა, გაუგებრობაა, ეს კითხვები უნდა იქნეს განხილული დახურულ კარს მიღმა”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, სენატორთა წერილის შინაარსი არასწორი აღქმებიდან გამომდინარეა განსაზღვრული და რეალურად, საქართველოში უჩვეულო არაფერი ხდება.
“რაც შეეხება ამ წერილს, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა. არასწორი აღქმებიდან გამომდინარეა ამ წერილის შინაარსი და პათოსი განსაზღვრული. მე ერთს დავამატებდი, საჭიროა გაგრძელდეს დიალოგი, კომუნიკაცია. უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრები, რომ საქართველო რაიმე უჩვეულოს არ აკეთებს და არ არის გამიზნული, რომ საქართველომ გადაუხვიოს ევროინტეგრაციის გზიდან. ეს რა თქმა უნდა, არა თუ გადაჭარბებული, არამედ საფუძველმოკლებული განცხადებაა”, - ამბობს ღარიბაშვილი.
შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ. წერილში, 14 სენატორი ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, “უცხოეთის გავლენის აგენტის” კანონი ჩააგდოს.