ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის, კრისტინ ლაგარდის განცხადებით, მისმა 36 წლის ვაჟმა, რომელიც კრიპტოაქტივებს ფლობდა, ინვესტირებული თანხა თითქმის სრულად დაკარგა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ ინდუსტრიის რეგულირების მნიშვნელობას.
„დიახ, ჩემმა შვილმა კრიპტოაქტივებში ინვესტირებული თანხა თითქმის სრულად დაკარგა. ჩემი რჩევისა და რეკომენდაციების მიუხედავად, მან მაინც დააბანდა თანხა ამ სპეკულაციურ აქტივში, რაც მისი დამოუკიდებელი არჩევანი იყო და მე მას ხელს ვერ შევუშლიდი. ამ საკითხზე ცოტა ხნის წინ მას კიდევ ერთხელ ვესაუბრე და ის აღიარებს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მართალი ვიყავი, როდესაც მას რისკების შესახებ ვაფრთხილებდი“, - ამბობს ლაგარდი.
უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის მთავარი საფინანსო ინსტიტუტის ხელმძღვანელი კრიპტოაქტივების მიმართ განსაკუთრებით კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევა. წლების განმავლობაში ლაგარდს არაერთხელ უთქვამს, რომ ის კრიპტოაქტივებში ინვესტირების წინააღმდეგია, რადგან ბიტკოინში, ეთერიუმსა თუ სხვა კრიპტოვალუტებში ის ვერავითარ რეალურ ღირებულებას ვერ ხედავს.
„ჩემი შეფასებით, კრიპტოვალუტები არაფრად არ ღირს, ისინი რეალურად არაფერზეა დაფუძნებული, მათ მიღმა არ არის არავითარი ფუნდამენტური აქტივი, რომელიც შესაძლოა დაზღვევის მიზნით იქნეს გამოყენებული“, - თქვა ლაგარდმა.
ECB-ის ხელმძღვანელის განმარტებით, კრიპტოაქტივების შეძენით დამწყები ინვესტორები გაუაზრებელ რისკზე მიდიან, რადგან მათ სათანადოდ არ ესმით თუ რაში აბანდებენ თანხას.
„კრიპტოში ინვესტიციას დებენ ისეთი ადამიანებიც კი, რომელთაც რისკები გააზრებული არ აქვთ. ისინი კარგავენ ჩადებულ თანხას და ამით იმედგაცრუებული რჩებიან. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს სფერო უნდა დარეგულირდეს“, - თქვა ლაგარდმა ჰოლანდიური ტელევიზიის ეთერში.
ECB-ის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტების საუკეთესო ალტერნატივა ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული ციფრული ევრო იქნება, რომელიც მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი, დაახლოებით, ოთხ წელში გახდება. ლაგარდი პირობას დებს, რომ ციფრული ვალუტა სრულად დაზღვეული იქნება ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ და მას არ ექნება ის რისკის ფაქტორები, რომლებიც კრიპტოვალუტებთანაა დაკავშირებული.
აღსანიშნავია, რომ კრისტინ ლაგარდასა და მსოფლიოს მასშტაბით ცენტრალური ბანკებისა თუ საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებს კრიპტოვალუტების მიმართ კრიტიკული განცხადება არაერთხელ გაუვრცელებიათ.