სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი ლუდსახარში კომპანია Anheuser-Busch InBev (AB InBev) UC3-სთან ექსკლუზიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს – ეს არის უეფასა და ევროპის წამყვან კლუბებს შორის შექმნილი ერთობლივი საწარმო, რომელიც სულ მალე Heineken-ის ადგილს დაიკავებს, როგორც ევროპის საკლუბო ტურნირების, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის, ახალი ლუდის სპონსორი.
Heineken, რომელიც მსოფლიოში მეორე უდიდესი ლუდსახარშია, ამ პარტნიორობას 1994 წლიდან ინარჩუნებდა. თავდაპირველად კომპანია ჩემპიონთა ლიგის მატჩებში რეკლამირებისთვის Amstel-ს იყენებდა, ხოლო 2005 წლიდან საკუთარ მთავარ პროდუქტს, Heineken-ის ლაგერს. მოქმედი სამწლიანი კონტრაქტი, რომლის წლიური ღირებულება 120 მილიონ ევროს შეადგენს, კიდევ ორი წლით მოქმედებს.
თუმცა ცნობილია, რომ ბელგიაში დაფუძნებულმა AB InBev-მა ექვსწლიანი კონტრაქტისთვის წელიწადში 200 მილიონ ევროდ შეფასებული შეთავაზება გააკეთა, რომელიც 2027 წლიდან შევა ძალაში. ეს ნიშნავს 66%-იან ზრდას Heineken-ის ამჟამინდელ ხელშეკრულებასთან შედარებით.
ეს გადაწყვეტილება დიდ გამარჯვებად აღიქმება როგორც ევროპული კლუბებისთვის, ასევე UC3-ის სტრატეგიის დასტურად. ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ Relevent Football Partners დანიშნა უეფას საკლუბო ტურნირების გლობალურ მარკეტინგულ პარტნიორად, რითაც დასრულდა TEAM Marketing-თან 30-წლიანი თანამშრომლობა, რომელიც 1992 წლიდან გრძელდებოდა.
UC3-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მოკლე განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2027-33 წლების კომერციული ციკლის ლუდის პარტნიორობის ხელშეკრულება პირველი იქნება ახალ პირობებში და მხარეებმა "დადეს შეთანხმება ექსკლუზიური მოლაპარაკებების დაწყების შესახებ“.
AB InBev, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია ისეთი ბრენდებით, როგორებიცაა Budweiser, Corona და Stella Artois, FIFA-ს ოფიციალური ლუდის სპონსორია 1986 წლიდან. ყველაზე ხმაურიანი შემთხვევა იყო 2022 წლის კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე, როცა კომპანიას აუკრძალეს Budweiser-ის გაყიდვა სტადიონების ირგვლივ ალკოჰოლის მკაცრი რეგულაციების გამო.
მომდევნო ზაფხულის მსოფლიო ჩემპიონატზე (2026, ჩრდილოეთ ამერიკა) ასეთი შეზღუდვები არ იქნება, რადგან გასული წლის აშშ-ს საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატზე Budweiser და Michelob ოფიციალური ლუდის პარტნიორები უკვე იყვნენ.
Budweiser ასევე იყო პრემიერ ლიგის ოფიციალური ლუდი 2019-2024 წლებში, სანამ კონტრაქტი Guinness-ს გადაეცემოდა, თუმცა AB InBev კვლავ ინარჩუნებს ექსკლუზიურ ხელშეკრულებას საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან.




























