მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩემს ბიზნესს დღეს უჭირს, თუმცა იმიტომ, რომ ქვეყანას უჭირს" - კახა ხაზარაძე

კახა ხაზარაძე

იმ 84 ადამიანიდან ბევრს ვიცნობ. გაუგებარია 84 ადამიანი ერთი ემოციის და ღირებულების ქვეშ. ჩემთვის ეს არის არასწორი გადაწყვეტილება. მე იმედს ვიტოვებ, რომ ისინი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ვეტო არ იქნება დაძლეული,- ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ ICR-ის დამფუძნებელმა, კახა ხაზარაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ვეტო ის წყალგამყოფია, რის შემდეგაც ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისები დაიწყება, რაც ბუმერანგივით ყველას მისწვდება.

„ჩემს ბიზნესს დღეს უჭირს, თუმცა იმიტომ, რომ ქვეყანას უჭირს. ბოლო 1 თვის განმავლობაში 20% კლებაა რითეილ სექტორში. რითეილის კლების გარდა, პარტნიორებთან სწორი კომუნიკაციის ნაკლებობაა, რადგან გვიჭირს თუნდაც მოკლევადიანი გეგმების დასახვა. ეს 20%-იანი კლება იწვევს კაპიტალის დეფიციტს, დამატებითი რესურსის აუცილებლობას, ხარჯების გაზრდას.

საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბიზნესისგან არ ფინანსდებიან და ბიუჯეტიდანაა დაფინანსება, იმ ბიუჯეტს ჩვენ ვავსებთ მეგობრებო. ჩვენი გადახდილი ფულით ივსება ეს ბიუჯეტი და ჩვენ თუ ამის საშუალება არ მოგვეცემა, თქვენ იმ ხელფასს ვერავინ გადაგიხდით. აღარაა საუბარი ბიზნესში დასაქმებულ ადამიანებზე. ამ სიტუაციაში მოგებული ვერავინ ვერ დარჩება. ერთადერთი, ამ სანქციებს ფრთხილად უთითებენ, რომ სანქციები მათზე გავრცელდება, ვინც ამ კანონის მიღებაში იღებს მონაწილეობას, იმიტომ, რომ ქართველი ხალხის ნებას ითვალისწინებენ.

ვეტო ის წყალგამყოფია, რის შემდეგაც ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისები დაიწყება, რაც ბუმერანგივით ყველას მისწვდება. თუ ბიზნესში პრობლემა ექნება და დაფინანსებაში პრობლემა იქნება, ეს ნიშნავს, რომ ბიუჯეტს პრობლემა აქვს. როგორც საჯაროში და ასევე ბიზნესში დასაქმებულ ადამიანებს ერთნაირი პრობლემა ექნებათ. ანუ ძირითადად მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც სოციალურ დახმარებაზეა დამოკიდებული, უარესი პრობლემის წინაშე დადგებიან.

მოკლე გამოსავალია, რომ ვეტო არ იქნას დაძლეული და ვეტოს არ დაძლევის შემთხვევაში გამოსავალია, რომ 4-5 თვეში ჩატარდება არჩევნები, სადაც მოსახლეობამ თავისი გაბრაზება უნდა აჩვენოს. კოალიციური პარლამენტია ქვეყნის მომავალი, რადგან ჩვენ თუ ისტორიას გადავხედავთ, ხსნას ყოველთვის ერთ ადამიანში ვეძებდით. აღმოჩნდა, რომ ერთი ადამიანი ჩვენთვის პრობლემაა“,-აცხადებს ხაზარაძე.

ICR-ის დამფუძნებელი აშშ-ის მიერ დაანონსებულ სანქციებზე საუბრობს და ამბობს, რომ მათ მოსახლეობის არჩევანში ეჭვი რომ ეპარებოდეთ, არა დეპუტატებს, არამედ მთლიან ქვეყანას დაასანქცირებდნენ.

მისივე ცნობით, ქვეყანამ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ბევრი დაკარგა და ამ ნდობის აღდგენას წლები დასჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები