მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩემს კლიენტს პირადად ივანიშვილი დაუკავშირდა და უთხრა, რომ ის ფასს გადაიხდიდა პოსტებისთვის - ბაჩიაშვილის ადვოკატი

64a954c363245
თამთა ჯიჯავაძე
08.07.23 16:25
4769
ჩემს კლიენტს პირადად ივანიშვილი დაუკავშირდა და უთხრა, რომ ის სოციალურ ქსელში პოსტებისთვის ფასს გადაიხდიდა, - ამის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა, რობერტ ამსტერდამმა „ფორმულას“ განუცხადა.

შეგახსენებთ, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი CEO-ს, გიორგი ბაჩიაშვილის უფლებების დაცვის პროცესში საერთაშორისო იურიდიული ფირმა Amsterdam & Partners-ი ჩაერთო, რომლის მმართველი პარტნიორიც, რობერტ ამსტერდამი პროკურატურის მიერ 6 ივლისს გაჟღერებულ ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

„ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, სოციალური მედიის პოსტების და განცხადებების შემდეგ, რომელიც ჩემმა კლიენტმა გააკეთა, მას დაუკავშირდნენ და სასტიკად დააშინეს და უთხრეს, რომ ის ფასს გადაიხდის არამხოლოდ ამ კომენტარებისთვის, არამედ იმისთვისაც, რაც იყო დანახული ჩემი კლიენტის პროდასავლური კომენტარებიდან“, - აღნიშნა ამსტერდამმა.

მისივე თქმით, პროკურატურას არ აქვს ფაქტები და საქმეც არ არსებობს. „მე არ ვაპირებ მივაწოდო მათ ის ნარატივი, რაც მათ არ გააჩნიათ. გულახდილად რომ გითხრათ, მათ მიერ საჯაროდ გაცხადებულ დეტალებს ჩვენ შეგვიძლია ვუპასუხოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში პროკურატურის მხარე ფაქტებს საერთოდ არ ეყრდნობა და მე არ ვაპირებ მათ მივაწოდო ფაქტები.

ამჟამად ივანიშვილის მხრიდან სერიოზული მცდელობაა, რომ ქართული სასამართლო სისტემა გამოიყენოს იმისთვის, რომ პროცესზე ზეგავლენა მოახდინოს. ეს საკმარისია და მე არ მოვახდენ სპეკულირებას იმაზე, თუ დამატებით რის გაკეთებას აპირებს ივანიშვილი, მაგრამ სამართლიანია ითქვას, რომ ევროკავშირმა პირდაპირ განაცხადა საქართველოში სასამართლო პროცესებზე ივანიშვილის კონტროლის შესახებ და არა მგონია, რომ ბევრის დამატება შემიძლია“, - აცხადებს ბაჩიაშვილის ადვოკატი.

კითხვაზე - რა მოლოდინი აქვს მას ამ საქმესთან მიმართებით, რობერტ ამსტერდამმა უპასუხა, რომ საქართველოში ძლიერი იურიდიული გუნდია, ასევე, საქართველო არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის წევრი და ქვეყანა, რომელსაც სურს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მოპოვება. „ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები ქვეყანას ევროკავშირთან დაახლოებაში არ ეხმარება. ბევრი საერთაშორისო მექანიზმი არსებობს, რომელთა გამოყენებაც შეიძლება“, - განაცხადა ადვოკატმა და დასძინა, რომ მათ შორის განიხილება სტრასბურგის სასამართლოც.

ასევე, მისივე თქმით, არსებობს ერთი დოკუმენტი, რომელიც ამ საქმეშია და რომელიც ამართლებს გიორგი ბაჩიაშვილს აღნიშნულ საქმეში და ეს არის სესხის შეთანხმება. „პროკურორებს ჰქონდათ მცდელობა, ამ დოკუმენტისთვის ყურადღება არ მიექციათ. ისინი ეყრდნობიან ივანიშვილის ზეპირ განცხადებას თავის თანამშრომელთან მიმართებაში, ხელში სხვა არაფერი უჭირავთ“, - აცხადებს ადვოკატი.

რაც შეეხება გირაოს ოდენობას, ბაჩიაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ეს მიუღებელია, - „ჩემი კლიენტი ერთგულია საქართველოს მომავლის, არსად აპირებს გაქცევას, იგი აპირებს საქართველოში დარჩენას, შეასრულოს მოქალაქეობრივი ვალი და ებრძოლოს ყალბ ბრალდებებს.

ჩემი კლიენტი ბრწყინვალე პიროვნებაა, კარგად განათლებულია, ღრმა სოციალური შეგნება აქვს, ერთგულია უკრაინელების მხარდაჭერისა, ეს არის სოციალური სინდისის საკითხი. თუ მის ასაკს პატრიოტიზმს დავუმატებთ, ყველას მოსწონს გარდა ივანიშვილისა, რომელიც ცდილობს დომინანტი იყოს სისტემაში და ამას ხედავს როგორც საფრთხეს“, - აღნიშნა რობერტ ამსტერდამმა.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა არ შეასრულა ბიძინა ივანიშვილის წინაშე აღებული ვალდებულება და შედეგად მიითვისა 8,253 ცალი ბიტკოინი, რომელთა ღირებულებაც მითვისების პერიოდში $39 მილიონი დოლარი იყო. (ამჟამად $258 მლნ). საქმეზე ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიებად სასამართლომ 2.5 მილიონი ლარის გირაო შეუფარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები