მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩემთვის, ეს ინვესტიცია მოგებიან ბიზნეს გარიგებას სცილდება" - გიორგი რამიშვილი "სილქ როუდ ჯგუფის" მიერ ყოფილი სასტუმრო Rooms Kokhta-ს შესყიდვაზე

გიორგი რამიშვილი

"პირადად ჩემთვის, ეს ინვესტიცია გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ მოგებიანი ბიზნეს გარიგება", - ამის შესახებ გიორგი რამიშვილმა "სილქ როუდ ჯგუფის" მიერ ყოფილი სასტუმრო Rooms Kokhta-ს შესყიდვასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ LinkedIn-ზე დაწერა.

ის აღნიშნავს, რომ Rooms Kokhta-ს შეძენა მისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ბაკურიანი ბავშვობის საუკეთესო მოგონებებს უკავშირდება.

"მოხარული ვარ, რომ „სილქ როუდ ჯგუფმა“ ბაკურიანში რუმსის სასტუმრო შეიძინა, რადგანაც ჩემი და ჩემი მოთხილამურე მეგობრების ბავშვობის საუკეთესო მოგონებები დაკავშირებულია ბაკურიანთან და ბაკურიანის მთავარ სათხილამურო ტრასასთან, კოხტა გორასთან.

პირადად ჩემთვის ეს ინვესტიცია გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ მოგებიანი ბიზნეს გარიგება; ეს ასევე ნიშნავს საქართველოს მთებში მდებარე ამ შესანიშნავი ადგილისთვის სიკეთის დაბრუნებას იმ თბილი მოგონებების სანაცვლოდ, რაც მე, მთელ ჩემს თაობას და ჩვენი მშობლების თაობებს მასთან აკავშირებს.

მჯერა, რომ საქართველოს მთებში თხილამურებით სრიალს თავისუფლების, სიხარულის და ბუნებასთან კავშირის განცდა მოაქვს, რაც ყველა ჩვენგანისთვის ასე მნიშვნელოვანია.

ეს „სილქ როუდის” საინვესტიციო ფილოსოფიის დიდი ნაწილია, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვუჭერდით მხარს საქართველოს სათხილამურო ფედერაციას და ეროვნულ სათხილამურო ნაკრებს, რამაც 2023 წელს ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებას შეუწყო ხელი. ჩემპიონატის შემდეგ ბაკურიანმა, როგორც საქართველოს ზამთრის კურორტმა, მსოფლიო ცნობადობა მოიპოვა და მას შემდეგ მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად მასპინძლობს, ხოლო კოხტას სათხილამურო ტრასა ამჟამად მსოფლიოში ფრისტაილის ათ საუკეთესო ტრასას შორის არის აღიარებული, რაც ბაკურიანს ზამთრის სპორტის ერთ-ერთ წამყვან დანიშნულების ადგილად აქცევს. ჩვენი გრძელვადიანი ხედვაა, ხელი შევუწყოთ ბაკურიანის განვითარებას, რომ ვაქციოთ მდგრად და წარმატებულ ოთხსეზონიან კურორტად, სადაც ხელმისაწვდომი იქნება მრავალი სახის სპორტული თუ სხვა სახის აქტივობა, მათ შორის ადგილობრივი, რეგიონული და მსოფლიო სპორტული ღონისძიებები, და რა თქმა უნდა, ყველა სეზონზე მოიზიდოს ტურისტები მთელი მსოფლიოდან", - წერს სოციალურ ქსელში "სილქ როუდ ჯგუფის" დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი.

„სილქ როუდ ჯგუფმა“ „აჭარა ჯგუფისგან“ ყოფილი სასტუმრო Rooms Kokhta Bakuriani იყიდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები