ჩემთვის ეს თანამდებობა მეტი პასუხისმგებლობაა, ვიდრე ტკბობის ან ხიბლის საბაბი - ამის შესახებ კულტურის და სპორტის ახალი მინისტრი, თინათინ რუხაძე სოციალურ ქსელში წერს. ის მინისტრად პრემიერმა კობახიძემ გუშინ, 18 ოქტომბერს დანიშნა.
კობახიძის თქმით, არჩევნების შემდეგ "ოცნება" გეგმავს სპორტის და კულტურის სამინისტროს გაყოფას, რის შემდეგაც კულტურის მინისტრად ისევ თინათინ რუხაძე, ხოლო სპორტის მინისტრად შალვა გოგოლაძე დაინიშნება.
"ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება! საქართველოს პრემიერ მინისტრის და “ქართული ოცნების” გუნდის შეთავაზება მიღებულია!", - წერს თინათინ რუხაძე.
"ვეცდები ვიყო განვითარებაზე, მომავალზე და შედეგზე ორიენტირებული, ვიყო ზომიერი, სამართლიანი და მაქსიმალურად ობიექტური… ძალიან ვეცდები ბევრი ვიშრომო, რომ დიდ გუნდთან ერთად, ვინც ეს შესაძლებლობა მომცა, ბევრი ადამიანისთვის შევქმნათ კონკურენტუნარიანი, სამართლიანი და ჩვენი ქვეყნისთვის ამ დროისათვის საჭირო გარემო! პირადად ჩემთვის ეს თანამდებობა მეტი პასუხისმგებლობაა, ვიდრე ტკბობის ან ხიბლის საბაბი…
ამ ასაკში და ამ გამოცდილებით, საკუთარ თავს მე უფრო მეტს ვთხოვ, ვიდრე ნებისმიერი თქვენგანი მომთხოვს! მინდა იცოდეთ, რომ სულ ვფიქრობ, ღირსეულად ვატარო ჩემი ოჯახის, მეგობრების, ადამიანების ნდობა, ვინც ზურგს კლდესავით მიმაგრებს!", - აცხადებს ახალი მინისტრი.
ცნობისთვის, თინათინ რუხაძე ამ დრომდე ეროვნული სასახლის დირექტორის პოზიციას იკავებდა. კულტურის და სპორტის მინისტრის პოსტი კი ვაკანტური იყო მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანი „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიაში დაასახელა.