ფიტნეს აპლიკაცია Cherry’s Fitness-ი საქართველოს საზღვრებს გარეთ გასვლას გეგმავს. ამის შესახებ bm.ge-სთან ინტერვიუში კომპანიის დამფუძნებელმა ნინო ჩერქეზიშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს დისტანციური სავარჯიშო პროგრამების თარგმნა, რაც დაახლოებით წლის პირველ ნახევარში დასრულდება და აპლიკაცია უცხოელ მომხმარებელს ვარჯიშებს ინგლისურ ენაზეც შესთავაზებს.
“ქართულ და ინგლისურენოვან სავარჯიშო ვიდეოებს შორის იქნება სხვაობა. ქართული უფრო ვრცელია, დეტალურად ვხსნი თითოეულ ვარჯიშს, ინგლისური კი, მოკლე იქნება. ე.წ. გიფების სახით, ვინაიდან უცხოურ, განსაკუთრებით კი ევროპის ბაზარზე, მომხმარებელს ვარჯიშის სწავლა ჯერ კიდევ სკოლის ასაკში აქვს დაწყებული. მათ საბაზისო ცოდნა ამ კუთხით უკვე აქვთ, რასაც ვერ ვიტყვი საქართველოზე”, - განმარტა მან.
კითხვაზე - რატომ ელოდებიან, რომ უცხოურ ბაზარზეც მოიპოვებს Cherry’s Fitness-ი პოპულარობას, ვინაიდან უკვე არაერთი მსგავსი აპლიკაცია არსებობს, ნინო ჩერქეზიშვილი ამბობს, რომ ყველა არსებული ფიტნეს-აპლიკაცია და დისტანციური სავარჯიშო პროგრამა მუშაობს, ყველას ჰყავს თავისი მომხმარებელი, ამიტომაც Cherry’s Fitness-იც შეძლებს მომხმარებლის მოზიდვას.
“ფიტნეს-აპლიკაცია, ყველა მუშაობს, იმიტომ რომ ყველა ადამიანს სჭირდება ვარჯიში. რაც შეეხება თავიდან გასვლას, ძალიან ბევრი შემთხვევა მქონდა, როდესაც ჩემს ემიგრანტ მარათონელებს, უთხოვიათ, თუ არის საშუალება, ეს ყველაფერი ინგლისურადაც იყოსო. ასევე, უცხოელებსაც. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ თავიდან ემიგრანტების ძალას გამოვიყენებ და შემდეგ, ალბათ, ვითარება მიჩვენებს გზას, როგორ გავიდე სხვადასხვა ბაზრებზე”, - აღნიშნა ნინო ჩერქეზიშვილმა.
გარდა, ექსპორტზე გასვლისა, Cherry’s Fitness-ის მიმდინარე წლის გეგმებზე საუბრისას, ნინო ჩერქეზიშვილი კიდევ რამდენიმე ძირითად მიმართულებას გამოყოფს. კერძოდ, აპლიკაციას დაემატება კალორიების მთვლელი, ასევე, უკვე ჩაშენდა აპლიკაციაში მაღაზია, სადაც ჯერ მხოლოდ ორი პროდუქტის - თეძოს სარტყელის და 75-დღიანი გამოწვევის დღიურის ყიდვაა შესაძლებელი, თუმცა მას სხვა პროდუქტებიც დაემატება. ნინო ჩერქეზიშვილის თქმით, მიმდინარე წლის გეგმების განსახორციელებლად ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით 50 000 ლარი იქნება.
ცნობისთვის, Cherry’s Fitness-ი 2018 წელს შეიქმნა, მოგვიანებით კი, სახლში სავარჯიშო პროგრამა "ჩერის მარათონით" გახდა პოპულარული. ამჟამად იგი დისტანციურ სავარჯიშო პროგრამებს აერთიანებს დარბაზსა და სახლში, როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. გარდა ამისა, მას აქვს აპლიკაციაში ჩაშენებული კვების პროგრამები. აპლიკაციას უკვე 60 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს. ამ დრომდე აპლიკაციის განვითარებაში ჩადებული ინვესტიციის მოცულობა კი დაახლოებით 100 000 ლარია. კომპანია 9 ადამიანს ასაქმებს.




























