„ევროპული საქართველოს“ წევრ, დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, დამოუკიდებელი შემფასებელი ბიუროები უნდა გაჩნდეს.
ამის შესახებ დეპუტატმა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას მიერ პარლამენტში საჯარო ფორმატში გამოსვლისას გაკეთებული იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმად, „სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსკლუზივი უნდა დასრულდეს“.
ზურაბ ჭიაბერაშვილმა bm.ge-ისთან 2004 წელს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის მოტივიც ახსნა.
„ჩვენ მოვდივართ 90-იანი წლების აბსოლუტურად კორუმპირებული სახელმწიფოს ხელში არსებული სერვისებიდან და თავის დროზე ანტიკორუფციული თვალსაზრისით, სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ სახელმწიფომ ჩამოაყალიბა სააგენტო და გაწყვიტა კავშირი კორუმპირებულ სისტემასთან, მაგრამ დღეს დავდექით იმ რეალობის წინაშე, რომ აუცილებელია, სახელმწიფომ ამ სერვისების მონოპოლიაზე უარი თქვას და გაჩნდეს დამოუკიდებელი შემფასებელი ბიუროები, თუმცა ისევ 90-იანი წლების კორუფციაში რომ არ გადავვარდეთ და ძლიერმა კერძო ბიზნეს კომპანიებმა არ იყიდონ ეს სერვისები ანუ უბრალოდ დასკვნები, ამას სჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ დამოუკიდებელი სასამართლო არ გაქვს, გადავარდებით ისევ უკან- კორუფციაში“, - განაცხადა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ ქონების შეფასების სისტემა უნდა გადაიხედოს და დამატებითი კომერციული შემფასებლის აკრედიტაცია უნდა დაიწყოს.
„მე ვთვლი, რომ უნდა მოხდეს ქონების შეფასების სისტემის გადახედვა და სავარაუდოდ, ე.წ. სამხარაულის ექსკლუზივი უნდა მოიხსნას. ასევე, დამატებითი კომერციული შემფასებლის აკრედიტაცია უნდა მოხდეს. დღესდღეობით, მხოლოდ ერთი რაღაც ორგანიზაცია აკეთებს შეფასებას და ძალიან ხშირად გაურკვეველია, რის საფუძველზე და რანაირად ხდება შეფასება. ხშირადაა ის დიდი გაუგებრობის და კამათის საგანი“, - აცხადებს ქობულია.

























