"ევროპული საქართველოს" დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან 40 წელზე უფროს ადამიანებს საპენსიო ფონდის დატოვებისკენ მოუწოდა.
დეპუტატის განცხადებით, სახელმწიფო მოსახლეობის ამ ნაწილის ინფორმირებაზე არ ზრუნავს, რის გამოც მათმა ნაწილმა არც იცის, რომ საპენსიო სისტემის დატოვება შეუძლიათ.
ჭიაბერაშვილის თქმით, იძულებით დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღებამ ქვეყანაში გააჩინა საშიშროება, რომ მოსახლეობა საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, ამ თანხებს ვერ მიიღებს.
“ჩვენ, ვინც 40 წელს ზემოთ ვართ, მოქალაქეებმა, რომლებიც ამ მოთხოვნას აკმაყოფილებენ, დავიწყეთ დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვება, რომელიც ძალაში 2019 წლის პირველ იანვარს შევიდა. "ევროპული საქართველოდან" გიგა ბოკერიამ, ლელა ქებურიამ და მე უკვე ვისარგებლეთ მონიჭებული უფლებით და დავტოვეთ დაგროვებითი საპენსიო სქემა.
ამისკენ მოვუწოდებთ ყველა ადამიანს, ვისაც ჯერ კიდევ დაუტოვეთ ასეთი არჩევანის გაკეთების უფლება. სამწუხაროდ, არჩევანი არ დაუტოვეთ 40 წელს ქვემოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც იძულებულები არიან დარჩნენ სისტემაში, რომელიც არ იძლევა ღირსეულ პენსიას და რომლის მიმართაც, ჩვენ საზოგადოებაში ძალიან დიდი უნდობლობა არსებობს. საზოგადოებაში, სადაც ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ დაკარგული ანაბრები, ახალი თაობა დადგა იმ საშიშროების წინაშე, რომ ასე გაგრძელების შემთხვევაში 20-25 წლის შემდეგ, ისინიც შეიძლება აღმოჩნდნენ ანალოგიური საშიშროების წინაშე.
ჩემი გამოსვლა მინდა დავუთმო იმ ასპექტს თუ რამდენად ახდენს ხელისუფლება მოსახლეობის ინფორმირებას, რომ მათ ნაწილს, ვისაც დაუტოვეთ ეს არჩევანი, რომ მათ გამოსვლა შეუძლიათ ამ სქემიდან. ჯერ მთავარი პრინციპი ადამიანის თავისუფლების დარღვევისა იყო ის, რომ შემოიღეთ არა ისეთი წესი, როდესაც ადამიანს ნებაყოფლობით შეუძლია გაწევრიანდეს, არამედ ჯერ ყველა შეიყვანეთ და შემდეგ, ისე რომ არ ეუბნებით საზოგადოებას და ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ამის თაობაზე ინფორმირებული არ არის, არც აკეთებთ კამპანიას, რომ მათ გამოსვლა შეუძლიათ. მე ამ გამოსვლას ვიყენებ იმისთვის, რომ ხალხმა გაიგოს, რომ მათ "ქართული ოცნების" მიერ დაგებული ხაფანგიდან გამოსვლა შეუძლიათ", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
საპენსიო ფონდში უკვე 175 მილიონი ლარია მობილიზებული, რომელიც საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტებამდე ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებშია განთავსებული. სააგენტოში 747,000 ათასი ინდივიდუალური ანგარიშია გახსნილი და 49,500 კომპანიას მოიცავს.

























