მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია" შუქრუთელების პროტესტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია
26.09.24 11:51
155

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები თითქმის 200 დღეა მაღაროების მმართველი კომპანიის წინააღმდეგ გამოსვლებს მართავენ. სექტემბრიდან პროტესტის ნაწილმა თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გადმოინაცვლა. აქციის მონაწილეები „ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობის შედეგად სოფელ შუქრუთისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და ამ პროცესში ცენტრალური ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ. შუქრუთელები ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები და სოფელში ცხოვრება უკვე გაუსაძლისი გახდა.

მაღაროების მმართველი “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია” აღნიშნულთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ შუქრუთელების უმრავლესობისთვის კომპანიას თანხა უკვე გადახდილი აქვს. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროტესტი სამოქალაქო საზოგადოების მიერ არის მართული და მენეჯმენტი საკითხიტ დაინტერესებულ საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებს ინდივიდუალურ სამუშაო შეხვედრაზე იწვევს.

"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებს ჩვენი მხრიდან არაერთხელ ჰქონდათ შეთავაზება, პრობლემა ცივილური ფორმებით გადაწყვეტილიყო და მოლაპარაკების გზით გამოსავალი მოგვეძებნა, მათთვის ყველანაირი წინადადება მიუღებელია.

ცალსახაა, რომ ადამიანთა ამ ჯგუფის მიერ კომპანიის მიმართ წარმოებული ქმედებები გასცდა ურთიერთობის ცივილურ ფორმებს და სახეზეა ღია შანტაჟი, ხოლო მომიტინგეებისა და მათთვის დავალებების მიმცემი ადამიანების მიერ, ყოველდღიურად გავრცელებული ცრუ ინფორმაცია უკვე კომპენსირებული შუქრუთელების მიმართ ემპათიას იწვევს.

აქედან გამომდინარე, საჭიროდ მიგვაჩნია საზოგადოების ინფორმირების მიზნით კიდევ ერთხელ ნათელი მოვფინოთ არსებულ მდგომარეობას.

ადამიანთა რადიკალური ჯგუფი, რომელიც ხელმძღვანელობს სოფელ შუქრუთში მიმდინარე დესტრუქციულ პროცესს, ასევე პარლამენტის შენობასთან მართავს აქციას, ვფიქრობთ, სრულად არის მართული ეგრეთ წოდებული სამოქალაქო სექტორის მიერ. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ მათ უკან დგანან ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან ასევე რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც თავის მხრივ, საპროტესტო აქციებს საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის იყენებს.

უფრო კონკრეტულად, რამდენიმე მომიტინგეს ზურგს უმაგრებს რიგი საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაცია და ამ ორგანიზაციების აქტივისტები, როგორებიც არიან "სოციალური სამართლიანობის ცენტრი", “მაუწყებელი”, “მწვანე ალტერნატივა”, “მთის ამბები”, "ხმა" და სხვა. საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ ყველა ეს ორგანიზაცია არის პოლიტიკური აფილაციის მქონენი და გამოირჩევა რადიკალური ქმედებებით და რადიკალური ქმედებების წახალისებით.

აქციას ორგანიზებას ასევე უწევენ სწორედ ის პირები, რომლებიც ჯერ კიდევ 2021 წელს ხელმძღვანელობდნენ კომპანიის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს. საყურადღებოა, რომ სამი წლის შემდეგ, სწორედ იგივე არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ფიგურირებენ მიმდინარე აქციაზეც. პროტესტის ორგანიზატორებს უწევენ ფინანსურ დახმარებას და ყოველდღიურ სამოქმედო გეგმას სთავაზობენ.

რადიკალური პროცესების ხელოვნურად მართვის საფუძვლიან ეჭვს ადასტურებს რამდენიმე გარემოება:

  • 25 სექტემბერს, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ვებგვერდზე, სამოქალაქო საზოგადოების სახელით გავრცელებული განცხადება, სადაც არასწორად არის გადმოცემული მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრული კომპენსაციის გაცემის წესი და სხვა დეტალები. კერძოდ, განცხადებაში არასწორად არის მოყვანილი კომპენსაციის გაცემის წესი. ნათქვამია, რომ კომპენსაცია ორ ეტაპად გაიცემოდა. რეალურად კი ხელშეკრულების მიხედვით, მოსახლეობას უნდა აერჩია ზიანის შეფასების ორი წესიდან ერთ-ერთი. ამავე განცხადებაში არაერთი არასწორად ინტერპრეტირებული ინფორმაციაა გაჟღერებული.
  • მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ გაასაჯაროვა კომპენსაციების ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები, აქციის ორგანიზატორები ამ დრომდე უარყოფენ თანხის მიღების ფაქტს და მცდელობაც არ ჰქონიათ, თავად წარმოედგინათ შესაბამისი საწინააღმდეგო დამადასტურებელი დოკუმენტაცია - პირადი საბანკო ამონაწერი.
  • აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ მიერ ხელმოწერილი მემორანდუმით განსაზღვრული აუდიტორული კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნები არ არის ობიექტური და ითხოვენ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას. ამ უკანასკნელისთვის მიმართვა თავად აქციის მონაწილეებს ამ დრომდე შეუძლიათ, რათა ეროვნულ ბიუროს შეამოწმებინონ მასში ასახული მონაცემების სიზუსტე.
  • საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციები მიზანმიმართულად ავრცელებენ დაზიანებული უძრავი ქონების ფოტო - ვიდეო მასალას. ცნობისთვის აღნიშნულ ქონებაში უკვე გადახდილია მილიონობით ლარი, ხოლო ამ საკითხის განმარტებისთვის არავის მოუმართავს, რომ რეალურად დაედგინათ გვაქვს თუ არა აღნიშნულ ქონებაში გადახდილი რაიმე კომპენსაცია. იმ ფონზე, როდესაც ეს საკუთრებები ჩვენს მიერ არ დაზიანებულა.

სწორედ ეს გარემოებები ადასტურებს, რომ პროცესები ხელოვნურად მართულია იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან რადიკალურ პოლიტიკურ ძალებთან. მათი მხრიდან საკითხის დაინტერესების და დაზუსტების კუთხით კომპანიაზე არანაირი მომართვა არ ყოფილა.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ რადიკალური პროცესები სცდება კომპანიასა და მოსახლეობას შორის კერძო სამართლებრივ ურთიერთობას და ემსახურება წინასაარჩევნოდ, სოციალური თემით მანიპულირებით პოლიტიკური ქულების დაწერას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ვაცხადებთ მზაობას და ინდივიდუალურ სამუშაო შეხვედრაზე ვიწვევთ, საკითხით დაინტერესებულ საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

მზად ვართ, სამუშაო შეხვედრაზე წარმოვადგინოთ დოკუმენტები, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალებას მივცემთ მომავალში გაავრცელონ მხოლოდ მტკიცებულებებზე დაყრდნობილი, ობიექტური ინფორმაცია”, - წერია კომპანიის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები