მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ" პროფკავშირს კოლექტიური ხელშეკრულების გაუქმებით მიმართა - დეტალები

ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია

პროფკავშირები „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანისა" და მისი პარტნიორი კომპანიების განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ირკვევა რომ კომპანიამ 11 მარტს მიმართა პროფკავშირებს და მასობრივი გათავისუფლების შესახებ აცნობა. განცხადებაში ასევე საუბარია, იმ ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, რომელიც პროფკავშირების ჩართულობით თანამშრომლებთან დადებული კოლექტიური ხელშეკრულებით იყო აღებული.

აღნიშნულ განცხადებას პროფკავშირებმა უპასუხეს, რომ მათი განაცხადი დარღვევით არის წარდგენილი და პროფკავშირები კომპანიას სთხოვს შესაბამისი დოკუმენტაცია წარუდგინოს. ისინი აცხადებენ რომ სანამ პროცედურული ნაწილი არ დასრულდება კომპანია ვალდებულია, არ გაწყვიტოს ხელშეკრულებები დასაქმებულებთან და ხელფასის 60% გადაუხადოს.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების (GTUC) პასუხს უცცვლელად გთავაზობთ:

"შპს ჭიათურის მენეჯმენტ კომპანის დირექტორს მაქსიმ მაზურენკოს;
შპს ჯი-ემს-ის დირექტორის შპს ჭიათურის მენეჯმენტ კომპანის წარმომადგენელს მაქსიმ მაზურენკოს;
შპს ჯმ-ტექნიკასერვისი-ს დირექტორის შპს ჭიათურის მენეჯმენტ კომპანის წარმომადგენელს მაქსიმ მაზურენკოს;
შპს ჯმ-კონტრაქშენი-ს დირექტორის შპს ჭიათურის მენეჯმენტ კომპანის წარმომადგენელს მაქსიმ მაზურენკოს;
სს ახალ გამამდიდრებელ ქარხანა-ს დირექტორს ვახტანგ ბანცაძეს;
შპს სამთოელი-ს დირექტორის შპს ჭიათურის მენეჯმენტ კომპანის წარმომადგენელს მაქსიმ მაზურენკოს;
შპს მაღაროელი-ს დირექტორის შპს ჭიათურის მენეჯმენტ კომპანის წარმომადგენელს მაქსიმ მაზურენკოს;
შპს ჭიათურის წყლის კომპანი-ს დირექტორის შპს ჭიათურის მენეჯმენტ კომპანის წარმომადგენელს მაქსიმ მაზურენკოს;
შპს მნ ფექთორი-ს დირექტორის შპს ჭიათურის მენეჯმენტ კომპანის წარმომადგენელს მაქსიმ მაზურენკოს;

ბატონო მაქსიმ,
თქვენი მიმდინარე წლის 11 მარტის წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ ჩვენთვის გაუგებარია როგორც გამოგზავნილი წერილის სულისკვეთება, ასევე მისი შინაარსობრივი ნაწილი, რომელიც ეფუძნება ისეთ ფაქტებს და ბრალდებებს, რომლის ადრესატსაც პროფესიული კავშირები ნამდვილად არ წარმოადგენს. მიუხედავად სხვადასხვა ეტაპზე მოლაპარაკების პროცესში ჩვენი აქტიური ჩართულობისა, ჩვენთვის დღემდე არ არის ცნობილი რატომ დადგა კომპანია ჭიათურაში მიწისქვეშა მოპოვებითი საქმიანობის შეწყვეტის აუცილებლობის წინაშე. ჩვენ, მიუხედავად არაერთგზისი მოთხოვნისა, დღემდე არ მიგვიღია არც აუდიტის დასკვნა და არ თქვენს მიერ აღნიშნული კომპანიის DMT GmbH & Co.KG-ის მიერ მომზადებული ანალიზი. ეს მაშინ, როდესაც კომპანიაში არსებული რეალური სურათის დასანახად აუდიტის ჩატარება გახლდათ პროფკავშირების ინიციატივა, ხოლო ამ ინიციატივას მოწინააღმდეგეები დასაქმებულებშიც ჰყავდა. შესაბამისად, თუნდაც დავუშვათ, რომ ფინანსური პრობლემები არსებობს, შესაძლებელია, რომ ისინი გამოწვეული იყოს არასწორი მართვით და ასევე მენეჯმნეტზე მიმართული შეუსაბამოდ მაღალი დანახარჯებით. ამასთან, შეუძლებელია ამ მასშტაბის ფინანსური პრობლემები გამოწვეული იყოს კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბენეფიტებით, მათ შორის, ხელფასების ყოველწლიური ინდექსაციით ვალდებულებით, რაც თავისი არსით მხოლოდ ინფლაციის დაბალანსებას ემსახურება და არა ხელფასების ზრდას, დასაქმებულთა ჯანმრთელობის დაზღვევით და ა.შ.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ კომპანია DMT GmbH & Co.KG-ის მიერ ანგარიში მომზადებულ იქნა ტყიბულში შახტებზეც, თუმცა მითითებულ შემთხვევაში პროფკავშირები ჩართული ვიყავით პროცესში და კომპანია ჩვენთან თანამშრომლობდა. შედეგად დაიდო დასკვნა, რომელმაც განაპირობა შრომის უსაფრთხოების მიმართულებით კონკრეტული მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. ჭიათურის შემთხვევაში, DMT GmbH & Co.KG-ის მიერ ანალიზის მომზადების დროს პროფკავშირის მოწყვეტილი იყო პროცესებისგან, ჩვენთვის ისიც კი არ არის ცნობილი თუ რა ინფორმაცია/დოკუმენტაცია მიეწოდა DMT GmbH & Co.KG-ს დასკვნის მოსამზადებლად.

მომართვაში მუდმივად აპელირებთ შუქრუთში განვითარებულ მოვლენებზე, თუმცა გაუგებარია რატომ არის პასუხისმგებელი პროფესიული კავშირები აღნიშნულზე, მაშინ როდესაც ეს არის საკითხი, რომელიც დიდი ხანია დგას დღის წესრიგში და მისი მოგვარება თქვენსა და სახელმწიფოს პრეროგატივას წარმოადგენს. ასევე, გაუგებარია თუ რა შუაშია პროფკავშირი იმ პრობლემებთან, რომელიც უკავშირდება საინიციატივო ჯგუფის ქმედებებს. მითუმეტეს, რომ ამ ბოლო დროს ამ ჯგუფის წევრების ნაწილისა და თქვენი პოზიციები რიგ შემთხვევებში თანხვედრაშია ერთმანეთთან, გიქმნით კომფორტს რომ თავი დააღწიოთ კოლექტიური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან. მაგალითისთვის, პროფკავშირის დისკრედიტაციის მცდელობა, რომელიც ხორციელდება, ერთი მხრივ, კომპანიის მხრიდან და რომლის მთავარი მიზანიცაა კოლექტიური ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან (იძულებითი მოცდენის 60%იანი ანაზღაურება, ხელფასის ინდექსაცია თუ სხვა) გათავისუფლება, ხოლო, მეორე მხრივ, საინიციატივო ჯგუფის მხრიდან.

წერილის შინაარსიდან აშკარად იკვეთება, რომ დღემდე გააზრებული არ გაქვთ პროფკავშირის როლი და მნიშვნელობა და ბრალს გვდებთ ,,სუბიექტურობასა“ და ,,მიკერძოებულობაში“, რამდენადაც ორიენტირებული ვართ დასაქმებულთა სასარგებლო კოლექტიური, სოციალური და ფინანსური ბენეფიტების გაცემაზე. დიახ, ჩვენ მუდმივად ვმოქმედებდით და ვმოქმედებთ დასაქმებულთა ინტერესებისთვის, თუმცა არა ბიზნესის გაკოტრების ხარჯზე. აქედან გამომდინარე, სწორედ ჩვენი მოთხოვნის შედეგად კომპანიის მიერ ყველა შეჩერებულ ობიექტზე დასაქმებულთებს ეძლეოდა იძულებითი მოცდენის ანაზღაურება ჩვენი იურისტების დასაბუთებული მოსაზრების წარდგენის შემდგომ ხელფასის 100%-ით და 60%-იანი იძულებითი მოცდენის ანაზღაურებაც მხოლოდ და მხოლოდ პროფკავშირთან დადებული კოლექტიური ხელშეკრულებით იყო გამყარებული. ფაქტია, რომ კრიზის დროს დასაქმებულები

სწორედ კოლექტიური ხელშეკრულებით სავალდებულოდ აღიარებული გარანტების იმედად დარჩნენ და რომ არა პროფესიული კავშირები, ისინი სრულიად უსახსროდ დარჩებოდნენ, ისევე როგორც ეს მოხდა უმეტეს შემთხვევაში, კოვიდ პანდემიიდან მოყოლებული დღემდე, როდესაც არაერთი საწარმო დაიხურა ისე, რომ დასაქმებულებს არათუ ყოველთვიური იძულებითი მოცდენის ანაზღაურება, არამედ გათავისუფლებისას კომპენსაციაც კი არ მიუღიათ სწორედ იმის გამო, რომ ამ კომპანიებში არ არსებობდა პროფესიული კავშირი და არც კოლექტიური ხელშეკრულება. საგულისხმოა, რომ მიუხედავად ჩვენი მხრიდან კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე მუდმივი მზაობისა, ამ დრომდე არ ვყოფილვარ ინფორმირებული მიწისქვეშა მოპოვებითი საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე. ისევე როგორც ჩვენ არ გვქონდა არანაირი ინფორმაცია 2024 წლის 1 ნოემბრიდან კომპანიის სპეციალურ რეჟიმზე გადასვლის თაობაზე, რომლის შესახებაც 2024 წლის 24 ოქტომბრით დათარიღებული წერილით გვეცნობა მხოლოდ 2024 წლის 30 ოქტომბერს.

გვსურს აღვნიშნოთ, რომ მასობრივი დათხოვნის მუხლი შრომის კოდექსში სწორედ ჩვენი ინიციატივით შევიდა მსგავს სიტუაციებში დასაქმებულთა დაცვის მიზნით და ის გავალდებულებთ მასობრივ დათხოვნამდე 45 დღის ადრე შეტყობინებას, კონსულტაციებს შეთანხმების მიღწევის განზრახვით, რომელიც სულ მცირე, უნდა მოიცავდეს მასობრივი დათხოვნის თავიდან აცილების ან დასათხოვ დასაქმებულთა რაოდენობის შემცირების გზებსა და საშუალებებს და დათხოვნილ დასაქმებულთა კვლავ დასაქმების ან მათი გადამზადების მხარდაჭერის შესაძლებლობას. ამასთან, გევალებათ დეტალურად მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:

 დაგეგმილი მასობრივი დათხოვნის მიზეზები,
 დასათხოვ დასაქმებულთა რაოდენობა და კატეგორია,
 ორგანიზაციაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა და კატეგორიები,
 დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც განხორციელდება მასობრივი დათხოვნა,
 კრიტერიუმები, რომლებითაც ხდება დასათხოვ დასაქმებულთა შერჩევა და მათთვის კომპენსაციის გადახდა.

რაც შეეხება კოლექტიური ხელშეკრულების შეწყვეტას, თქვენს მიერ ცალმხრივად, ამ ფორმით მისი შეწყვეტა ეწინააღმდეგება, როგორც თავად კოლექტიურ ხელშეკრულებას, ასევე საქართველოს კანონმდებლობას. აქედან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ როგორც ამ ასევე ყველა ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა რესურს და სამართლებრივ მექანიზმს. შესაბამისად, მოგმართავთ დაუყოვნებლივ დავიწყოთ მოლაპარაკებები არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით. ჩვენ გამოვიყენებთ პროფკავშირის კვოტას და მივმართავთ საქართველოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიას, რათა შემჭიდროებულ ვადებში ჩაინიშნოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის რიგგარეშე სხდომა და განხილულ იქნას ჭიათურის არსებული მდგომარეობა, ჭიათურის განვითარების მოკლე და გრძელვადიანი გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმების მყარ გარანტიებს. ხოლო მითითებული საკითხის გადაწყვეტამდე კატეგორიულად მოვითხოვთ დასაქმებულებს შეუნარჩუნდეთ კოლექტიური ხელშეკრულებით დადგენილი წესით იძულებითი მოცდენის ანაზღაურება 60%-ის ოდენობით და ჯანმრთელობის დაზღვევა.

პატივისცემით,

ირაკლი პეტრიაშვილი


ცნობისთვის, „ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურაში საწარმოო პროცესს ნოემბრიდან სრულად შეაჩერა. კომპანიამ მიზეზად სოფელ შუქრუთის მოსახლეობის "რადიკალური პროტესტი" დაასახელა. ამასთან, „ჯორჯიან მანგანეზი“ თანამშრომელთა ხელფასების 60%-ის ანაზღაურებისა დაზღვევის შენარჩუნების ვალდებულებას იღებდა. თუმცა როგორც მაღაროელები აცხადებდნენ, ხელფასების დარიცხვა ყოველ თვე გვიანდებოდა, თებერვალში კი კომპანიამ ხელფასი აღარ დარიცხა. ეს მოსახლეობის პროტესტის განახლების მიზეზი გახდა. კუთვნილი ხელფასების დარიცხვის გარდა, პროტესტის მონაწილეები კომპანიის ჭიათურის მაღაროების მართვიდან გასვლას ითხოვენ და მთავრობას მანგანუმის წარმოების ნაციონალიზაციის ინიციატივით მიმართავენ.

7 მარტს „ჭიათურ მენეჯმენტს კომპანიმ“ განაცხადა, რომ „ჯორჯიან მანგანეზთან" შეთანხმებით, მაღაროებში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება. ჭიათურის მაღაროების მმართველი კომპანია ასევე განმარტავს, რატომ ვერ გადაუხადეს თებერვალში დასაქმებულებს ხელფასი. 12 მარტს კი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თქვა, რომ „მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კომპანია აქტიურად მუშაობს საკომპენსაციო პირობების განსაზღვრაზე, რომ საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, დაემშვიდობოს თანამშრომლებს კომპენსაციებისა და მიმდინარე დავალიანების გადახდით“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები