მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭიათურამ აგროტურისტულ ფესტივალს უმასპინძლა (R)

62a0534558ed1
BM.GE
08.06.22 12:52
697
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხში, იმერეთი აგროს მხარდაჭერით აგროტურისტული ფესტივალი “ჭიათურა 2022” გაიმართა.

ფესტივალზე, 30-მდე მეწარმემ წარმოადგინა ადგილობრივი პროდუქცია, მათ შორის ღვინო, ყველი, ჩაი, თაფლი და სხვადასხვა ნატურალურ პროდუქტები. ასევე, გამოფენის ერთ ნაწილში გამოფენილი იყო ტურისტული ლოკაციების ფოტო მასალა.

„ძალიან სასიხარულოა და ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ფესტივალის მიმართ საზოგადოების ასეთმა მაღალმა ინტერესმა. ეს ყოველივე მაძლევს იმედს, რომ აქ წარმოდგენილი პროდუქციის მიმართ ინტერესი გაიზრდება, მომხმარებელი უკეთესად გაიცნობს ადგილობრივ წარმოებას და მისი ლოიალური მომხმარებელი გახდება. ეს არის დღევანდელი ადგილობრივი მეწარმეების გამოწვევა, მათ სჭირდებათ პროდუქციის გასაღების ბაზარი, რათა უფრო მეტი და რაც მთავარია ხარისხიანი და უვნებელი პროდუქცია აწარმოონ,“ განაცხადა იმერეთი აგროს მმართველმა მენეჯერმა ცისანა ხარაზიშვილმა.

მეწარმე ზურა მაჩიტიძემ თავისი მოძრავი თონის საშუალებით, სადაც პური გამოაცხო სტუმრების დიდი ინტერესი გამოიწვია.

„სამი წელია რაც ,,აღმოაჩინე ჭიათურა'' დავაფუძნეთ და ჭიათურის მთელ ტერიტორიაზე მდებარე ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაციას ვეწევით. ჩვენი საფირმო ნიშაა თონე ბორბლებზე და იმერული სამზარეულო. ემოციებით დატვირთული დღეა, ძალიან ბედნიერი ვარ პირადად. ყველას მოსწონს თავისი ხელით გამოაცხოს თონის პური, დააგემოვნოს კეცზე მომზადებული კერძები, იმერული ღვინო, რომელსაც პირადად მე ვწურავ და ეს არის შვილივით საყვარელი საქმე. სხვებსაც ვუზიარებ იმ ემოციას, რასაც მე ვგრძნობ საქმის კეთების დროს, მინდა, რომ მათაც იგივე იგრძნონ. დღეს ადგილზე გამოვაცხვეთ პური, ქოთნის ლობიო მოვამზადეთ და სტუმრებმა ისინი ნატურალურ ღვინოსთან ერთად დააგემოვნეს,“ განაცხადა ზურა მაჩიტიძემ.

სტუმრების განსაკუთრებული ინტერესი ღვინის კუთხემ დაიმსახურა. „მარანი ზოდის“დამფუძნებლის გიგა ჭიღლაძის თქმით, ფესტივალმა ხელი შეუწყო მისი ღვინო კიდევ ასობით ადამიანს გაეცნო და დაეგემოვნებინა.

„ჭიათურის რაიონის სოფელ ზოდში, იმერული ყურძნისგან მაღალი ხარისხის იმერულ ღვინოებს ვაწარმოებთ. ვეწევით იმერული ღვინის პოპულარიზაციას. მონაწილეობას ვიღებთ სხვადასხვა კონკურსებში, გამოფენებში, ფესტივალებში. ვიტყვი პირდაპირ, რომ მოლოდინს გადააჭარბა აღნიშნულმა ღონისძიებამ, ძალიან კმაყოფილი ვარ, კიდევ მრავალმა ადამიანმა გაიცნო სოფელი ზოდი და ზოდის ღვინო,“ აღნიშნა მან.

ფესტივაზე მოსულ სტუმრებს ბიო ჩაის დაგემოვნებაც შეეძლოთ. კობა შეყილაძე კოოპერატივის ,,ხავერდოვანი ჩაი თიამოს“ ხელმძღვანელია, რომელიც ჩაის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში გეზრულში აწარმოებს.

ფესტივალი ჩვენი საწარმოს პოპულარიზაციაში დაგვეხმარება, მის შესახებ უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს. ,,თიამო“ სამი წლისაა, ცნობადობის გაზრდა ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საჭიროა. იმერეთი აგროს მხარდაჭერა ამ მიმართულებითაც ჩვენთვის აუცილებელი საკითხია. "თიამო“ ამზადებს მაღალი ხარიხის ბიო ჩაის, ესენია მწვანე, შავი და თეთრი ჩაი. აღსანიშნავია, რომ დღეს ფესტივალზე ცივი ჩაის ნიმუშიც გვაქვს და შესაძლებელია მისი დაგემოვნებაც.

ღონისძიება ჭიათურის ტურისტული საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით წარიმართა. იმერეთი აგროს მხარდამჭერი კი „ჯორჯიან მანგანეზია“.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები