ჭიათურაში, 1700 მაღაროელი მეოთხე დღეა გაფიცულია. როგორც bm.ge-ის ერთ-ერთმა მაღაროელმა, ტარიელ მიქაცაძემ განუცხადა, ხვალ საკითხზე მენეჯმენტთან შეხვედრა გაიმართება.
„ახლა ვართ მოლოდინის პერიოდში, ხვალ არის კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა. იციან ჩვენი მოთხოვნები, პროტესტის პერიოდში სამსახურებში იმყოფება ყველა, უბრალოდ პროტესტის ნიშნად არ მუშაობს. ასეთ პრინციპზე არის 13 მაღაროს 1700 მაღაროელი. მოთხოვნაა, რომ კონკრეტულად დარკვეთის მაღარო გადავიდეს 12-საათიან სამუშაო რეჟიმზე, შესაბამისი ანაზღაურებით.
ეს მოთხოვნა ივნისში, გაფიცვის დროს დადგა ერთ-ერთ საკითხად. მაშინ დაპირება იყო, რომ სამი თვის განმავლობაში განიხილავდა კომისია ამ საკითხების მოგვარებას, მაგრამ უკვე 5 თვე გავიდა და არანაირი ცვლილება არ არის ამ საკითხთან მიმართებით. საუბარია 149 კაცისთვის 9-ლარიანი ხელფასის მომატებაზე. ამაზე უარს ფინანსური კრიზისის მიზეზით ამბობენ“, - თქვა ტარიელ მიქაცაძემ.
მისივე თქმით, მაღაროელებს უკვე აქვთ გეგმა, თუ რას იზამენ ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგების შემთხვევაში, თუმცა ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ. შეხვედრის დრო უცნობია.