მე-6 ტრანშის ფარგლებში წყალმომარაგების ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა" და ერთობლივ საწარმო "Hill International N.V."-ს და "Temelsu International Engineering Service Inc."-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორმა გიორგი კობერიძემ და "Hill International N.V."-ის ვიცე-პრეზიდენტმა სერდარ იბრაჰიმ გუჯარმა მოაწერეს. ხელშეკრულების თანახმად, ერთობლივი საწარმო მე-6 ტრანშის ფარგლებში ზედამხედველობას გაუწევს აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებულ შემდეგ პროექტებს: ჭიათურასა და მარნეულში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების და წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობას.
ასევე, განხორციელდება ბოლნისის წყალარინების სისტემის სამშენებლო სამუშაოები. აღნიშნული პროექტების დასრულების შემდეგ მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ამასთანავე, მოეწყობა წყალარინების სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა.

























