საქართველოს მთავრობის დავალებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქ. ჭიათურაში არსებული სამგზავრო საბაგირო გზების სისტემებისა და სადგურების სრული რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყო. პროექტი საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობების მიერ ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 40 მლნ. ლარს აღწევს. ინფორმაციას იმერეთის გუბერნატორის აპარატი ავრცელებს.
სამშენებლო სამუშაოების დათვალიერების მიზნით, ჭიათურაში იმყოფებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ზურაბ ალავიძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი - გივი ჭიჭინაძე, მოადგილეები: გიორგი ჭიღვარია, იოსებ ხახალეიშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი - გალაქტონ ბუაძე.
იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რევერსიული, გონდოლებიანი საბაგირო გზის მოწოდება უზრუნველყო ფრანგულმა კომპანიამ - "პომაგალსკი" (Pomagalski). გზის სიგრძე 3428 მეტრია და ამ ხაზებისთვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 8 გონდოლა იქნა შეძენილი.
ამ ეტაპზე რეაბილიტაცია უტარდება ერთ ცენტრალურ სადგურს და მისგან გამავალ 3 მიმართულებას: სანატორიუმი (862 მ), ნაგუთი (1081 მ) და ლეჟუბანი (845 მ). მე-4 საბაგიროზე - მუხაძე (640 მეტრი) ამჟმად, მიმდინარეობს პროექტირების სამუშაოები.
პროექტის დასრულება იგეგმება 2017 წლის შემოდგომაზე.

























