ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში, 25 მარტს ღამის საათებში მაღაროელი გარდაიცვალა - ამის შესახებ Facebook-გვერდზე პირდაპირი ჩართვისას მაღაროელმა, პროფესიით ამფეთქებელმა ტარიელ მიქაცაძემ განაცხადა, რომელიც 2025 წლის თებერვლიდან მასობრივი საპროტესტო აქციების მონაწილე იყო.
მისი თქმით, მაღაროებში ცუდი სამუშაო პირობებია და ისინი არ ნიავდება, რაც იქ მომუშავეთა ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს.
„ჭიათურაში, კერძოდ შუქრუთის მაღაროში მუშა გარდაიცვალა. შემთხვევა 2026 წლის 25 მარტს მოხდა, ღამის 11 საათზე სავარაუდოდ... გარდაცვლილის სახელი და გვარია ჯეირან ავსლანდია, ადამიანი, რომელიც დევნილია აფხაზეთიდან, 90-იანი წლებიდან მოყოლებული ცხოვრობს ჭიათურაში, მუშათა საერთო საცხოვრებელში... ჯეირანის სავარაუდო ასაკი ალბათ 50 წელი იქნებოდა - ასეთი ახალგაზრდა გამოეცალა ჭიათურას, საქართველოს და ამაზე ხმა არ იღებს არავინ. ეს ტრაგედია შუქრუთის მაღაროში მოხდა, რომლის დირექტორიც თენგიზ კობერიძეა. ისინი ცდილობენ მაღაროში მომხდარი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელდეს. გვაქვს ინფორმაცია, რომ თითქოს ჯეირანი გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მაღაროებზე არ არის ნორმალური განიავების საშუალება, რაც იწვევს უჰაერობას, რაც შესაბამისად აავადებს ადამიანს და იწვევს ფატალურ შედეგებს. ასევე იქ ძლიერი დაკვამლიანებაა. დიდი ალბათობა, ეს ტრაგედია ამ მდგომარეობამ გამოიწვია.
მაინტერესებს რა განცხადბას აკეთებს შრომის ინსპექცია, ყვითელი პროფკავშირი, ჯორჯიან მანგანეზი და თუ მისი შვილობილი CMC ჯგუფი, რა განცხადებას აკეთებს ჭიათურის მერია?“ - აცხადებს ტარიელ მიქაცაძე.
BMG-მ ჭიათურის მაღაროების მმართველ კომპანია CMC-ის მიმართა და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.




























