ჭიათურელი მაღაროელების დაანონსებული საპროტესტო აქცია აღარ გაიმართება. როგორც BM.GE-ს ჭიათურის პირველადი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილემ პაატა სამხარაძემ განუცხადა, მაღაროელები და „ჯორჯიან მანგანეზი“ გუშინ გვიან ღამით კონკრეტულ გეგმაზე შეთანხმდნენ.
„წუხანდელი შეთანხმების შედეგად, რომელიც ღამის 11 საათზე შედგა, დღეს გაფიცვა აღარ შედგება. ჩვენ ვითხოვდით ხელფასების 30 %-იან მატებას. თავდაპირველად მათ შემოგვთავაზეს 5%-იანი მატება, რაზეც არ დავთანხმდით. შემდეგ თანხმობა გამოთქვეს 10%-ით გაგვიზარდონ ანაზღაურება. მივიღეთ პირობა, რომ მომავალი წლიდან კიდევ მოხდება ხელფასების გადახედვა მატების კუთხით. ასევე, თუ ქვეყანაში დაფიქსირდა ინფლაცია განიხილება ინფლაციის შესაბამისი მატება.“ - განაცახა პაატა სამხარაძემ.
ასევე, კომპანია პროფკავშირის ჩართულობით შეიმუშავებს საპრემიო დებულებას, რომელიც აგებული იქნება შემოსავლის ზრდის პრინციპზე და დაემყარება შრომის ნაყოფიერების და შესრულებული სამუშაოს ხარისხის ზრდის მაჩვენებლებს.