საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით ჭიჭინაძის ინფორმაციით, მთავრობა სახელმწიფო ტენდერების ქართული კომპანიებისთვის მორგებაზე მუშაობს.
როგორც ჭიჭინაძემ BM.ge-ის განუცხადა, სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე კონსულტაციების დროს, მან პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან აღნიშნული საკითხი დააყენა.
„პრემიერმინისტრისგან არის მზაობა, რომ გაითვალისწინონ ეს გარემოება და დიდი ლოტები დაყონ მცირე ლოტებად, რათა ჩვენს ქართულ კომპანიებს მიეცეთ საშუალება, რომ გაიმარჯვონ. თუ ავტობანზე გახვალთ, ნახავთ, რომ ისედაც ქართველები მუშაობენ ადგილზე და რატომ უნდა ქირაობდნენ უცხოელები?! ამ მიმართულებით მუშაობს მთავრობა, რომ მსხვილი ლოტები იქნას დაყოფილი. ამას საკანონმდებლო ცვლილება არ სჭირდება, უბრალოდ, საჭირო გახდება სატენდერო პირობების შეცვლა და ასევე დონორებთან მოლაპარაკება“, - აცხადებს პარლამენტარი.
დეპუტატი ფიქრობს, რომ რიცხვებში გაზრდილი ეკონომიკა მოსახლეობის ჯიბეზე ვერ აისახება, თუ ეკონომიკის სტრუქტურა არ შეიცვალა და ერთ-ერთ მაგალითად ისევ საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების სამუშაოები მოჰყავს და გარკვეულწილად ინფრასტრუქტურის ექსმინისტრს აკრიტიკებს.
„გზების დაგება იწვევს მშპ-ის ზრდას, რადგან ფული იხარჯება, მაგრამ სამუშაოებს ახორციელებენ არა - ქართული კომპანიები, არამედ დიდი უცხოური კომპანიები და ფულის დიდი ნაწილი ისევ გარეთ გადის ანუ ანუ ეს სიკეთე ნაკლებად რჩება ჩვენს ქვეყანაში; თან არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ძირითადად დონორები გვეხმარებიან ფინანსურად. სხვათა შორის, წინა პრემიერის დროს, ასევე ინფრასტრუქტურის წინა მინისტრთან როცა ვსვამდით ამ საკითხს, მისი გამამართლებელი საბუთი ის იყო, რომ ეს არის უცხოელების მოთხოვნაო. უცხოელების მოთხოვნას არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი ინტერესების დაცვა; თუ ისინი გვაძლევენ ფულს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ის ფული როგორ დავხარჯოთ და არ შეიძლება ფული მათ მოგვცენ, მათვე გვასწვალონ როგორ დავხარჯოთ და მოგებაც ისევ მათ გავატანოთ“, - აცხადებს ჭიჭინაძე.