მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭიჭინაძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთის რეაბილიტაციის ტენდერი დასრულდა - შედეგები

ჭიჭინაძის ქუჩა

ჭიჭინაძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთის რეაბილიტაციის პრეტენდენტის არ არსებობის გამო ერთხელ ჩავარდნილი და მეორედ გამოცხადებული ტენდერი დასრულდა.

ახლა, მერია შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდის მიხედვით, 6.8 მლნ-იან ტენდერზე შეთავაზება მხოლოდ ერთმა კომპანიამ "დინ გრუპმა" გააკეთა. სწორედ მან მოიგო, გამზირის რეაბილიტაციის 2 ტენდერიც 4.3 მლნ-ს [თ. ჭოველიძის ქუჩიდან მ/ს „რუსთაველი“-მდე გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია] და 8.4 მლნ-ს [მეტროსადგურ რუსთაველიდან ალ. ჭავჭავაძის ქუჩის ჩათვლით მონაკვეთის რეაბილიტაცია].

ერთადერთი პრეტენდენტი და უკვე ქვეყნის ცენტრალური გამზირის რებილიტაციის ტენდერების უმეტესობაში გამარჯვებული კომპანიის წილის 75%-ს ნიკოლოზ ეპიტაშვილი ფლობს, 25%-ს ვახტანგ ამაშუკელი. კომპანიას 70.7 მლნ აშშ დოლარის ტენდერები აქვს მოგებული. სულ 278 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, საიდანაც 74%-ში გაიმარჯვა.

მოგებულ შესყიდვებს შორისაა, ისნის რაიონის გამგეობის რეაბილიტაცია, საავტომობილო გზების დეპარტამენტის პროექტები და სხვადასხვა რეგიონებში, მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებული სამშენებლო და რეაბილიტაციის სამუშაოები.

ოფიციალური ინფორმაციიდან ჩანს, რომ ნიკოლოზ ეპიტაშვილს არც ერთი პარტიისთვის თანხა არ შეუწირავს. რაც შეეხება ვახტანგ ამაშუკელს, მან პოლიტიკური დონაცია 3-ჯერ განახორციელა. ბოლოს, "ქართულ ოცნებას" 60 000 ლარი 2024 წლის სექტემბერში შესწირა. იქამდე, 2016 წლის სექტემბერში 15 500 ლარი პაატა ბურჭულაძის მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის". ამავე წელს და ამავე თვეს აქვს შეწირული 15 500 ლარი მაჭუტაძის "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის".

აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთი მონაკვეთის რუსთაველის მეტროდან ჭავჭავაძის გამზირის ჩათვლით გზის რეაბილიტაციის 8.4 მლნ-იან ტენდერსაც ვადა დღეს ეწურებოდა. თუმცა მერიამ მონაცემები დააკორექტირა და ტენდერი თავიდან გამოაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები