რბილი მუსიკალური სათამაშოების მწარმოებელი „ჩიკატაი“ 2024 წლიდან ახალ მიმართულებას, „ჩიკატაი ჰოუმს“ ამატებს. ამის შესახებ „ქალების ნარატივის“ პირდაპირ ეთერში ბრენდის დამფუძნებელმა, თამარ ბუიღლიშვილმა ისაუბრა.
„ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე გაგვიჩნდა იდეა დაგვემატებინა „ჩიკატაი ჰოუმის“ მიმართულება. ეს იქნება თეთრეული, ხალიჩები, ნაჭრის თაროები, სათავსოები და სადღესასწაული სანთლები. ჯერ ამ პროდუქციით დავიწყებთ და ასორტიმენტს ნელ-ნელა გავაფართოებთ“, - ამბობს მეწარმე.
"ჩიკატაიში" დღეისთვის საიტის შექმნაზე მუშაობენ, სადაც მომხმარებელს „ჩიკატაი ჰოუმის“ ასორტიმენტის შეძენა შეეძლება. პროდუქცია დამზადებული იქნება სერტიფიცირებული და ნატურალური მასალისგან. რაც შეეხება ფასებს, ის ხარისხის შესაბამისი იქნება.
„ვიყენებთ ეკოლოგიურად სუფთა, სერტიფიცირებულ მასალებს. ქსოვილის დიზაინი იქმნება სპეციალურად ჩვენი ბრენდისთვის და მას აქვს GOTS-ის სერტიფიკატი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სტანდარტია ტექსტილის ინდუსტრიაში. ის არა მხოლოდ ხარისხს ითვალისწინებს, არამედ წარმოების პრინციპს გარემოს დაცვისა და სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით. სათამაშოების შიგთავსიც სერტიფიცირებულია OEKO-TEX Standard 100-ით. ამას გარდა, საბოლოო პროდუქტი სათამაშოების უსაფრთხოების კუთხით შემოწმებას თურქეთში, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში ევროკავშირის EN-71 სტანდარტის შესაბამისად გადის“, - აღნიშნა თამარ ბუიღლიშვილმა.
„ჩიკატაის“ სათამაშოების ფასი 65 ლარიდან იწყება და 160 ლარს აღწევს. ბრენდის დამფუძნებლის თქმითვე, 2024 წლის ბოლომდე გამოჩნდება წიგნი „ჩიკატაის ამბავი“, რომელიც იქნება ზღაპრად გადმოცემული „ჩიკატაის“ ისტორია.
„ჩიკატაი“ ქართულ ბაზარზე 2017 წელს 11 ათას ლარიანი ინვესტიციით დაფუძნდა. ის ბავშვებისთვის სათამაშოებს გია ყანჩელის განსაკუთრებული მუსიკით ქმნის. „ჩიკატაის“ გუნდი, ჯერჯერობით, 5 ადამიანისგან შედგება.