მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩიკატაის“ სათამაშოები ავსტრალიასა და იტალიაში გაიყიდება

63d0f2e7e4284
თინათინ ნატმელაძე
26.01.23 09:32
1118
სათამაშოების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია „ჩიკატაი“ პროდუქციას ავსტრალიასა და იტალიაში გაყიდის, - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა თამარ ბუიღლიშვილმა BM.GE-ს განუცხადა და აღნიშნა, რომ საექსპორტო ბაზრებზე აქტიური პოზიციონირების შემდეგ „ჩიკატაი“ წარმოებასაც გაზრდის.

„ავსტრალიაში ექსპორტისთვის 550 ერთეული უკვე გამზადებულია, რომელსაც ჩვენი პარტნიორები უახლოეს მომავალში წაიღებენ, ეს საკმაოდ დიდი შეკვეთა იყო ჩვენი მცირე საწარმოსთვის, რის ხარჯზეც კომპანიამ წელი ზრდით დაასრულა.

ასევე, სააგენტოს, „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ვიმყოფებოდით ფლორენციაში Pitti Immagine Bimbo 2023-ის საერთაშორისო გამოფენაზე. ზოგადად გამოფენები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ესწრებიან მედიის და ჩვენი სექტორის წარმომადგენლები, ვხვდებით საერთაშორისო ბაიერებს და იზრდება ბრენდის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე. სწორედ ამ გამოფენის საშუალებით გავიცანით იტალიის ორი მაღაზიის წარმომადგენელები, სადაც ჩენი პროდუქცია დავტოვეთ“, - განაცხადა თამარ ბუიღლიშვილმა.

მისივე ცნობით, 2023 წლის მთავარი პრიორიტეტი წარმადობის გაზრდა და გაფართოებაა, რომლისთვისაც „ჩიკატაი“ საგრანტო კონკურსებში მონაწილეობას გეგმავს.

კომპანიის დამფუძნებელი გვიყვება, რომ 2022 წელს სიახლეებთან ერთად ბევრი გამოწვევაც გამოიკვეთა, მათ შორის ნედლეულის იმპორტირების გართულება და მისი საფასურის ზრდა.

„საქართველოში სერთიფიცირებული პროდუქციის შოვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ მისი იმპორტირება გვიწევს, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე კი ეს ყველაფერი ძალიან გართულდა და გაძვირდა, რის გამოც ჩვენს ნაწარმზეც 10-15%-ით გავზარდეთ ფასი“, - განმარტავს ბუიღლიშვილი.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ „ჩიკატაის“ პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე მათ სახელოსნოსა და საბავშვო კონცეპტუალურ მაღაზიებში რეალიზდება, მისი საფასური კი 85-210 ლარს შორის მერყეობს.

კომპანია ამჟამად 5 ადამიანს ასაქმებს, გაფართოების შემდეგ კი 6 ახალი კადრის აყვანას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები