მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩიკატაის“ სათამაშოები ავსტრალიაში ექსპორტზე გავიდა

6425a054f0969
სალომე ხიდურელი
31.03.23 10:15
609
ხელნაკეთი სათამაშოების მწარმოებელმა ადგილობრივმა კომპანია „ჩიკატაიმ“ გასულ კვირას საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე ავსტრალიაში გააგზავნა. ამის შესახებ BM.GE-ს მისმა დამფუძნებელმა თამარ ბუიღლიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ავსტრალიური სადისტრიბუციო კომპანიისაგან შეკვეთა „ჩიკატაიმ“ გასული წლის იანვარში პარიზში აიღო.

„პარიზში Playtime Paris საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში გასულ წელს ავსტრალიურმა სადისტრიბუციო კომპანიამ შეგვიკვეთა 550 ერთეული 6 სახეობის სათამაშო 7 სხვადასხვა კოლექციიდან.

სადისტრიბუციო კომპანია მელბურნიდანაა, თუმცა ჩვენი სათამაშოები ავსტრალიის სხვა ქალაქებშიც გადანაწილდება“, - აღნიშნავს „ჩიკატაის“ დამფუძნებელი.

მისივე თქმით, „ჩიკატაი“ მიმდინარე წლის ზაფხულში იტალიაშიც გაემგზავრება და ექსპორტის შესახებ დაწყებულ მოლაპარაკებებს დაასრულებენ.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ქართველ მომხმარებლებს „ჩიკატაის“ ხელნაკეთი სათამაშოების შეძენა მათსავე სახელოსნო-მაღაზიაში, პეტრიაშვილია 5-ში, ასევე ფალიაშვილის 23-ში, კონცეპტუალურ მაღაზია Mon Chou-ში შეუძლია.

სათამაშოების წარმოების სირთულეებზე საუბრისას თამარ ბუიღლიშვილი აღნიშნავს, რომ უცხოური ბაზრიდან სერტიფიცირებული ნედლეულის შემოტანა კომპანიისათვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

„წარმოებაში იმპორტულ ნედლეულს ვიყენებთ. შემოგვაქვს 100%-ით ორგანული, სერტიფიცირებული ბამბის ქსოვილი. ასეთ ხარისხს საქართველოში ვერ ვიყიდით. თუმცა ნედლეულის იმპორტის პროცესი რთულია და ძვირიც.

გარდა ამისა, მცირე ბიზნესებისათვის სახელმწიფო გადასახადები ძალიან მაღალია. ფაქტობრივად გამოდის, რომ ჩვენი შემოსავლის მეოთხედი გადასახადებში მიდის, რის გამოც კომპანიის შემდგომი განვითარება ფერხდება. ამ კუთხით რამე ინიციატივა თუ იქნება და ხელშეწყობა გვექნება - ძალიან გაგვიხარდება“, - აცხადებს თამარ ბუიღლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გაძვირებული ნედლეულის გამო გასულ თვეს „ჩიკატაიმ“ სათამაშოებზე ფასი 10-15%-ით გაზარდა. პროდუქციის ღირებულება ამჟამად 85-210 ლარის ფარგლებში მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები